p2

სტილური პოლიფონია

ქართული ენის ლექსიკურ სამყაროში გვხვდება მყარი სიტყვათშეთანხმება: ყალმის ოსტატი და ყალმით (იგივე კალმით) ნახატი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მხატვარი ემყარება ფერს, როგორც მასალას, და ამოდის ფერთა გამის მისტიკური არსიდან, მაგრამ ყალამ-კალამი (ზოგჯერ) იარაღია შემოქმედებითი პროცესის ხორცშესასხმელად და სახეების შესაქმნელად. რატომ გავამახვილეთ ყურადღება კალმით მხატვრობაზე? შეიძლება იმიტომ, რომ იოანე მინდიამ (ხვიჩა მინდიაშვილმა) სწორედ კალმითა და მელნით დაიწყო ხატვა 70-იან წლებში სამშობლოდან შორს და დღემდე ბურთულიანი ავტოკალმით (ე.წ. პასტით) ქმნის თავისი მონუმენტური მხატვრობის გასაოცარ ბატალურ სცენებს. ხატვით თვითგადარჩენის მოთხოვნილებამ ხატვის ასეთი ფორმა და საშუალება აპოვნინა და შემოქმედებით პალიტრად აქცევინა. თუ არ იცი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ვეებერთელა სამყარო, რომელშიც ოცნება, წარმოსახვა ქანაობს ცხადისა და ზმანების ზღვარზე, პაწაწინა კალმის წვერმა შექმნა. არ შეიძლება, მაგრამ გინდა შეეხო, თითების ნებმა შეიგრძნოს მირიადი წერტილი, შრე, „ზღვრის დასაზღვრა“ და ასე ამოხსნა მხატვრის მიერ ნაცნობის გაუცნაურების უღმერსი და ურთულესი საიდუმლო.




სულ ცოტა იოანე მინდიას შესახებ: გასული საუკუნის 60-იან წლებში დაბადებული თბილისელი ბიჭი, მუსიკის, ცეკვის, განსაკუთრებით მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული. ჯერ პიონერთა სასახლის ხატვის წრე, შემდეგ თოიძისა და ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლები. იძულებით შეწყვეტილი სწავლა-მხატვრობა და წლების შემდეგ სამხატვრო აკადემია... არც ერთი სასწავლებელი არ დაუმთავრებია, მაგრამ პროფესიული მხატვრობის ძირებს ჩასწვდა და მარტოობაში შექმნა თავისი მრავალგანზომილებიანი, მრავალჟანრული, მრავალხმიანი ხელოვნება, რომელშიც განფენილია, უპირველესად, რწმენა, წარმოსახვა, მითოსი, ეპიკა, ლეგენდა, რეალობა და ობივატელური გარემოდან ამოვარდნილი მოუთრგუნავი ემოციები, მაგრამ მათ შესაგრძნობად მათგან გამოყოფილია და ყველაზე მაღლა დგას სიმბოლო – ყოფიერების იდუმალი გარსი. მნახველთ უჩვეულობისა და უცნაურობის განცდა გვეუფლება. იოანე მინდიას მხატვრობა არის საკუთარი ცხოვრების ახსნა და გამართლება შთაგონების სახით.




ამაო და ფუჭია იოანე მინდიას მონუმენტალიზმში რომელიმე მიმდინარეობის, რომელიმე „იზმის“ ძიება. ნეომოდერნიზმი? ნეოსიმბოლიზმი? სიურეალიზმი? – არამც და არამც. პოსტმოდერნიზმი? – მრავალგზის უარი და უარყოფა. სიმბოლოთა ახსნას შეეცდები? – აუცილებლად გაწბილდები. როცა მხატვარი გარე სამყაროს სწყდება და თორმეტ საათს სულმოუთქმელად ხატავს, როგორც თავად აღიარა, თვითონ არ იცის, როგორ იშვება „უბრალო სიდიდეთა რკალებიდან“ (გალაკტიონი) თუნდაც: „ფიქრია – მეუღლის პორტრეტი“, „ვაჟა“ თუ, ჩემი სახელდებით, „საქართველოს მარადიული ბერი“ – საქართველოს „თანამდევი უკვდავი სული“. ბერის კუკულის ქვეშ ათასწლეულებით დამძიმებული ქუთუთოები, შორეთში მიმართული უფოკუსო მზერა, სიწმინდით დაშრეტილი ზოგადქართული სახე, შუბლზე სამკუთხედი – მამა ღმერთისა და ერთარსება სამის სიმბოლო და ცრემლი – სულიწმიდის მადლი და ძალა. ჯვარი და ცრემლი იოანე მინდიას მხატვრობის განუყოფელი ატრიბუტია. მისი სულის ქვესკნელში წინაპართა მარადიული მსოფლიო მოძრაობს. „მარადიული ბერი“ ქართველთა სულთა მატეანეა ანიდან ჰოემდე. სულებით გაძეძგილი „ცათა ცათასა“ – ფერადი მზიანი სულეთი. არტერიებგადაჭრილი მფეთქავი გული, საქართველოს ცარიელი, უკონტურო რუკა, დაფლეთილი დროშა, ნანგრევები და „კაენის ჟამის აღზევების“ სიმბოლო – ნამგალი და ურო. მოულოდნელად თვალში გვხვდება, რომ ყელი – სურათის ღერძი – მარადიულად ფეთქავს და სუნთქავს. ბერი სხივოსნდება და გონებაში იელვებს იოანე მღვდელ-მონაზვნის – გრაალის მცველის – ხატება, შუა სააკუნეების ევროპამ ამგვარ სამოსელში რომ გაახვია დავით აღმაშენებლის ლეგენდარული სახელი.




კიდევ ერთი, იოანე მინდიას თითქმის ყოველი ქმნილებისათვის დამახასიათებელი, რამ: ცენტრალური ფიგურა და ღვთაებრივი წესრიგით მისგან გამომავალი თუ მასში შემავალი ყველა სიმბოლო და ალეგორია. ძველი ბერძნები ამას სიმპათიის კანონს უწოდებდნენ, როცა ნაწილი მთელშია და მთელი – ნაწილში. „ვაჟასთან“ ეს ლამის ფიზიკურად იგრძნობა. როგორც მხატვრის მრავალ ქმნილებაში, აქაც ყოველივე ქვემოდან ზემოთ მოძრაობს. ცენტრში ვაჟას პორტრეტია, რომელიც თვალისჩინწართმეული მარჯვენა თვალით დაიწყო და სულ ბოლოს ამავე თვალით დასრულდა – ნაწილმა შვა მთელი. ვაჟას ფაფახს, მთებად, საყდრებად, სამრეკლოებად, გუმბათებად, ჯვრებად ქცეულს, „მრავალდაბრძანებული“, ერთდროულად უშავესი და უბრწყინვალესი ზეცით, შარავანდედიანი წმინდა გიორგი (თუ თეთრი?!) აგვირგვინებს. ვაჟას ყელზე მფეთქავი სულით მხატვარი ახერხებს შეიგრძნო: „გულზე მესვენა მზე, მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა“...

ერთხელ მწერალმა თამაზ ბიბილურმა გამოთქვა ეჭვი, რომ ვერც ერთი ხელოვანი ვერ შეძლებს გადმოსცეს „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალი: კეთილისა და ბოროტის ბრძოლა და დასაბამიერ, ჟამში მოქცეული ბოროტის, „კეთილი გრძელი“. არ ვიქნები ძალიან თამამი და გაბედული, თუ ვიტყვი: იოანე მინდიამ რუბიკონი გადალახა! მაღლა, მარცხენა კუთხეში, ლიუციფერის მსგავს ფიგურას, მე რომ ვაჟას შეთედ (მურმანად) მოვიაზრებ (მხატვარი – ავტოპორტრერად), მარჯვენა თვალიდან ცრემლი სდის. მხატვარმა კი ბოლო შტრიხით სურათი დაასრულა – ვაჟას მარჯვენა თვალი გაბრწყინდა და მიუწვდომელს მისწვდა: „და უფსკრულს დასცქერს პირიმზე მოღერებულის ყელითა“.




მეუღლის პორტრეტი დიდებულად ჯდება 90-იანი წლების ციკლში – ყველაზე ნაყოფიერი ხანა მხატვრის შემოქმედებაში. ნახატში ორი დრო იგრძნობა – გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგ. მარგალიტებით შემკული თავსაბურავის ტეხილი მხრებზე ეშვება, შეუკრავია და ქალწულებრივი შტრიხებითაა გაჯერებული. მანიაკიც მარგალიტისაა, ორბუნებოვანი, დიდი საიდუმლოსა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლო. ცრემლმოწყვეტილი თვალებიდან სიხარული, ტკივილი და დედობის მოლოდინი გამოსჭვივის – გაშლილი და აყვავებული ფურისულები მიგვანიშნებს დაბადების მთელ მშვენიერებაზე. ვფიქრობთ, „ფიქრია“ ერთ-ერთი ძლიერი ფსიქოლოგიური პორტრეტია არა მარტო იოანე მინდიას, არამედ მთელ ქართულ მხატვრობაში.

იოანე მინდიას შემოქმედების ჩვენეული მოკლე ანალიზი, თუნდაც ამ სამი ნიმუშის მიხედვით, არის შინაგანი წუხილის, ეროვნული ტკივილის, პირველადი ტრამვების გამოტანა და სიმბოლურ სახეებად გაშლა. მხატვრის მონასმი იქცა სიმბოლოთა გამად. სიცოცხელ მას მარადიული ნიმუშის შექმნის საშუალებად მიაჩნია. თითქოს ძნელდება ნახატის ქმნილების გაგება, წინაა წამოწეული აზროვნების ზღვარი, დამსხვრეულია შეჩვეული ნივთები და ნაცნობი სქემები. ამ სამყაროს აღსაქმელად საჭიროა გარკვეული ცოდნა, კულტურა და გემოვნება, მაგრამ, როგორც დიდ ხელოვნებას სჩვევია, ამ პოლიფონიური მხატვრობიდან ყველა წაიკითხავს, აიღებს და შეიმეცნებს იმდენს, რამდენიც მას შეუძლია და სჭირდება.

დასასრულ: იოანე მინდიამ ხანგრძლიავი ულმობელი და დაუნდობელი ომი გამოუცხადა საკუთარ არსებას, საკუთარ თავს, შეიცნო სენეკასეული სიბრძნე – თავისი თავი, თავისი მეორე „მე“ – კაცთა მოდგმისათვის ურთულესი და თითქმის მიუღწეველი რამ. ამ ომში გადარჩენილი შემოქმედი და პიროვნება ამიტომაც გვეცნობა ასე: „გამარჯობა მე – იოანე მინდია“!

ბაია ასიეშვილი

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მთვარი რედაქტორი.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი მიმართულება.

Gocha Balavadze

Guro Gabashvil