WhatsApp Image 2023-08-17 at 17.10.51

სრულიად საქართველოს კონკურს ფესტივალი „ქართული საგალობლები“ საჩხერეში გაიმართება

კონკურს-ფესტივალის მიზანია, წარმოაჩინოს საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე უძველესი ქართული კანონიკური საგალობლების აღორძინების პროცესი, ხელი შეუწყოს მათი სიწმიდის დაცვას და ღვთისმსახურებაში დამკვიდრებას.
პროექტი ამართლებს მაღალ მიზანდასახულებას. ამის დასტურია 25 წლის მანძილზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით ბრწყინვალედ ჩატარებული წინა ფესტივალები.
წლევანდელი კონკურს-ფესტივალის მნიშვნელობას ხაზს უსვამს საიუბილეო თარიღიც  - სრულდება 25 წელი მისი დაარსებიდან. პირველი ფესტივალიდან მოყოლებული, როცა ჯერ კიდევ  გარიჟრაჟი იყო ქართული კანონიკური გალობის აღდგენისა, ბევრი რამ შეიცვალა ქართულ სინამდვილეში: გამრავლდა მგალობელთა გუნდები, რომლებიც სხვადასხვა ტაძარში ღვთისმსახურებას ტრადიციული გალობით ამშვენებენ; ამას გარდა, დაარსდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული გალობის უმაღლესი სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულები ამ საქმის პროფესიონალები არიან და აქტიურად ზრუნავენ ქართული გალობის დამკვიდრება-აღორძინებისათვის... ამიტომაც, სპეციალისტების რჩევით, წელს ფესტივალი მიიღებს კონკურსის სახეს, რაც, ვფიქრობთ, უფრო გაზრდის მონაწილეთა დაინტერესებას და ხელს შეუწყობს საშემსრულებლო დონის ამაღლებას.
კონკურს-ფესტივალში მონაწილეობის უფლება აქვთ საეკლესიო გუნდებს (ეპარქიის მღვდელთმთავრის ლოცვა კურთხევით), ასევე, კულტურის დაწესებულებებთან არსებულ კანონიკური გალობის შემსრულებელ მომღერალთა ანსამბლებს, რომელთაც რეპერტუარში აქვთ ქართული კანონიკური საგალობლები. მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.
კონკურს-ფესტივალზე იმუშავებს ეთნომუსიკოლოგებისა და საეკლესიო მუსიკის სპეციალისტთაგან შემდგარი კომპენტენტური ჟიური.
კონკურს-ფესტივალი გაიმართება ორ ტურად:
პირველი  - შესარჩევი ონლაინ  ტური (აუდიო -ვიდეო ჩანაწერების განხილვა). მონაწილეებმა მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე საორგანიზაციო კომიტეტში უნდა გამოგზავნონ აუდიო -ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც შეაფასებს და შეარჩევს სპეციალისტთა ჯგუფი.
თითოეული გუნდისათვის სავალდებულოა 3  საგალობელი (სასურველია სხვადასხვა კილო, ან - სამივე იმ მხარისთვის ტრადიციული. მაგალითად, გურიასა და იმერეთში - შემოქმედის ან გელათის სკოლის, აღმოსავლეთ საქართველოში - კარბელაანთ კილოსი და ა. შ.).
მეორე - საკონკურსო ტური - გაიმართება საჩხერეში. მასში მონაწილეობას მიიღებენ პირველ ტურში გამარჯვებული გუნდები. ამ ტურზე დასასწრებად  მოწვეული იქნებიან ის რეგენტიებიც რომელთა გუნდებიც პირველ ტურში მონაწილეობდნენ და არ შეირჩნენ მეორე ტურისთვის.
საპრიზო ადგილების მფლობელთათვის და საუკეთესო რეგენტისთვის დაწესებულია ფულადი პრიზები.
კონკურს-ფესტივალის მონაწილეებს, ორივე დღეს, ქართული კანონიკური გალობის თეორიასა და შემსრულებლობის საკითხებზე  მასტერკლასს ჩაუტარებენ პროფესიონალი სპეციალისტები. გაიმართება კონფერენცია ქართული კანონიკური გალობის თემაზე.
დაგეგმილია სხვა აქტივობებიც (მათ შორის ქართული საეკლესიო ღვინის დღე).

სრულიად საქართველოს კონკურს-ფესატივალი „ქართული საგალობლები“ -დებულება-2023 წ.