_DSC9140

სენაკში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლას ხსნის

25 სექტემბრიდან სენაკში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლება სალოტბარო სკოლაში უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიცილური სიმღერა და გალობა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ რეგიონში დაგეგმილი შემოქმედებითი აქტივობებისა და  ღონისძიებების ფარგლებში, ცენტრსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დაიდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სენაკში სალოტბარო სკოლის გახსნის მიზანია 2001 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული დიმიტრი კაკულია იქნება სენაკის სალოტბარო სკოლის ლოტბარ-რეგენტი. ის, ასევე ასწავლის ტრადიციულ სიმღერა-გალობას სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასა და ფოთის სალოტბარო სკოლაში.

სენაკის სამხატვრო გალერეაში ღონისძიებას გახსნის წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბავშვთა გუნდი დიმიტრი კაკულიას ხელმძღვანელობით და კოლხური ტრიო.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით სენაკში 23-ე სალოტბარო სკოლა გაიხსენაბა. სალოტბარო სკოლების გახსნა კიდევ 6 მუნიციპალიტეტში იგეგმება.