11182129_926937714028972_7247481503382421284_n

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა ფოთში

5 მაისს ფოთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა  გაიხსნა.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარეს - ალექსანდრე თოფურიას და ფოთის მერის მოადგილეს ნიკოლოზ გრიგოლიას. საქმიან შეხვედრაზე მათ ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, მხარეთა უფლება-მოვალეობებზე ისაუბრეს.

წარმომადგენლობის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთის არჩილ ხორავას სახელობის ხელოვნების სასწავლებელში ჩატარდა. ესწრებოდნენ: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ანსამბლებმა - ,,მახარიამ" და ,,კოლხმა ბიჭებმა" (უფროსი და უმცროსი თაობა) - ქართული ხალხური (მეგრული) სიმღერები შეასრულეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში, ეტაპობრივად ხსნის  ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობებს.

პირველ ეტაპზე იხსნება ქართული ხალხური სიმღერის, ტრადიციული გალობისა და ქორეოგრაფიის სკოლები, რომლებშიც ყველა მსურველისთვის სწავლა უფასოა.

პროექტის მიზანია: ქართული ფოლკლორის თითოეული დარგის თანაბარი განვითარება და აღორძინება, ფოლკლორის ნიმუშების მოძიება და მოვლა, უნიკალური ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის აღდგენა-გადარჩენა და პოპულარიზაცია.

ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ფოლკლორის ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან რეგიონული და რაიონული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო

სკოლა უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს ხობში, ოზურგეთში, კასპში, ყვარელში, თეთრიწყაროში, ბორჯომისა და გორში.