3

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა ბორჯომში

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, ხობის, ოზურგეთის, კასპის, ყვარლისა და თეთრიწყაროს შემდეგ, წარმომადგენლობა  ბორჯომშიც გახსნა.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი - ფრიდონ სულაბერიძე, პოეტი- ეთერ თათარიძე,  ფოლკლორის  ცენტრის სპეციალისტები, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი - სერაფიმე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში, ეტაპობრივად ხსნის  ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობებს.

პირველ ეტაპზე იხსნება ქართული ხალხური სიმღერის, ტრადიციული გალობისა და ქორეოგრაფიის სკოლები, რომლებშიც ყველა მსურველისთვის სწავლა უფასოა.

პროექტის მიზანია: ქართული ფოლკლორის თითოეული დარგის თანაბარი განვითარება და აღორძინება, ფოლკლორის ნიმუშების მოძიება და მოვლა, უნიკალური ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის აღდგენა-გადარჩენა და პოპულარიზაცია.

ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ფოლკლორის ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან რეგიონული და რაიონული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

წარმომადგენლობის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები - ,,ბორჯომი" და ,,მზე შინა".