„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ გრძელდება. ფესტივალის II ტურის კონცერტებს ამჯერად, ქუთაისს უმასპინძლა რომელიც 20-21 მაისს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარსდგა იმერეთის, რაჭა-ლეჭხუმი-ქვემო სვანეთის, აჭარის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური) ფესტივალის მონაწილეები - ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
მეორე ტურის პირველი კონცერტი 6 აპრილს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა, სადაც კახეთისა და ქვემო ქართლის, 12 აპრილს გორის, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე - შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქუთაისის შემდეგ, კონცერტები თბილისში, 24 მაისსა (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - თბილისის მონაწილეები) და 30-31 მაისს (ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის - ხულოს, შუახევის, ქედის მონაწილეები) გაიმართება. ფესტივალის ფინალი - შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი - მუსიკა და ქორეოგრაფია.
ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია.