_DSC0472

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტური გორში

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტურის მეორე კონცერტს ამჯერად გორმა უმასპინძლა.
გორის, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებლის წინაშე წარდგნენ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის ფესტივალის მონაწილეები - ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.
მეორე ტურის პირველი კონცერტი 6 აპრილს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა, სადაც კახეთისა და ქვემო ქართლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შემდეგი კონცერტები გაიმართება: 20-21 მაისს (ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი - იმერეთის, რაჭა-ლეჭხუმი-ქვემო სვანეთის, აჭარის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაურის მონაწილეები); 24 მაისსა (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - თბილისის მონაწილეები) და 30-31 მაისს ( ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის (ხულოს, შუახევის, ქედის მონაწილეები).

ფესტივალის ფინალი - შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი - მუსიკა და ქორეოგრაფია.
ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემიები. ასევე, გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.
ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას.
"საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.