საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ატარებს "საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს". ამ საკითხთან დაკავშირებით, 12 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
ფესტივალის ჩატარებისა და მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და ფოლკლორის ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ანზორ ერქომაიშვილმა.
ფესტივალი მოიცავს: ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.
ფესტივალის დებულების თანახმად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი.
ფესტივალი შედგება რეგიონული (2015 წელი) და დასკვნითი ტურებისაგან (2016 წელი), საზეიმოდ გაიხსნება 2015 წლის მაისის ბოლოს - კახეთში, ხოლო ლაურეატების დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართება 2016 წელს.
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ I, II და III ხარისხის დიპლომები, სახელობითი პრიზები და ფულადი პრემია.
ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში დღესდღეობით არსებულ ვითარებას, ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას, საზოგადოებისათვის გაცნობას. გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016 წწ".
ფესტივალში აქტიურად ჩაერთვებიან: ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, ქორეოგრაფ-ქორეოლოგები, ეთნოგრაფ-ეთნოლოგები, მკვლევრები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, მოცეკვავეები, ავტორ-მთქმელები, მთქმელები, ხალხური რეწვის ოსტატები.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალთა ჩატარების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად.