_DSC9191

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვა ფოლკლორის ცენტრის განახლებული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე

არაჩვეულებრივი განცდა მაქვს, თქვენი ანგარიში არის ძალიან შთამბეჭდავი და გამამხნევებელი.

ჩვენი ფოლკლორი არის ჩვენი საზრდო, ჩვენი მაცოცხლებელი და ყველაფერი საიდანაც მოვდივართ.  ქართულ ფოლკლორში ჩვენი მომავლის ძალა დევს და სალოტბარო სკოლების დაარსება ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. ამ მიმართულებით რეგიონების განვითარება საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველამ ვიცით, რომ ქართული საგალობელი ჩვენი დიდი საუნჯეა, მაგრამ ყველა არ ვუფრთხილდებით მას ისე, როგორც გვევალება. ამ კუთხით დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და მე ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი.

დღეს მოვიყვანე ჩემი სტუმარი პარიზიდან, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელთან ერთადაც დავდიოდი ქართულ ცეკვასა და გალობის გუნდში ეკლესიაში. ეს ფაქტი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, როგორი ქართველი ვიქნებოდი.

საჭიროა, რომ ჩვენს უზარმაზარ დიასპორაში გავაძლიეროთ მგალობელთა გუნდები, მოცეკვავეთა ჯგუფები, რათა იქ ქართული ფოლკლორი ენასთან ერთად შეინარჩუნონ. არ შეიძლება ენისა და ფოლკლორის შენარჩუნების გაყოფა და განცალკევება.

ეს ყველაფერი ჩვენი იდენტობაა, რომელიც არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ მომავალშიც გავაძლიეროთ.

ფოლკლორი ჩვენთვის მხოლოდ წარსული არ არის. კოსმოსში გაგზავნილი ჩაკრულო ჩვენი ქართული კულტურული ტრადიციების მომავალში გაგრძელების სიმბოლოა.

გლობალურ მსოფლიოში უამრავი საფრთხეა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა ამ ყველაფრის დასაძლევად, რადგან ქართულ კულტურასა და ტრადიციებში დევს გლობალიზაციის პროცესის პასუხი.

ეს პასუხი - ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ფოლკლორია. სწორედ ესაა მსოფლიოსთან ჩვენი საკომუნიკაციო ენა. ამ ურთულეს რეგიონში, რომელშიც ვიმყოფებით გამაერთიანებელი ენა გვჭირდება, რათა გავიგოთ და გვესმოდეს ერთმანეთის. ძალიან ნათელია, რომ ჩვენი კულტურით შესაძლებელია დავიპყროთ მსოფლიო და მოვიზიდოთ უცხოელები, რადგან ძალიან საინტერესო ერი ვართ, თუნდაც მრავალსაუკუნოვანი და მრავალრიცხოვანი საგალობლებით.