Folk_Poster_1_12_2014_PRINT

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრების ნამუშევრების გამოფენა

4 დეკემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თანამედროვე ქართველ კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა.
გამოიფინება: ათი ავტორის 200-მდე ნიმუში, რომლებიც ეფუძნება ქართული კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნების ტრადიციებს, ტექნიკურ საშუალებებს და სხვ.
კალიგრაფობა - კალიგრაფია - ოდითგანვე ერთ-ერთი უძველესი და საპატიო პროფესია იყო საქართველოში. წიგნის მოხატვასთან, მოჭედვასთან, შემკობასა თუ საზედაო ასოებთან ერთად მას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. ამიტომაც მოაღწია ჩვენამდე ცნობილ ქართველ კალიგრაფთა, - მაკარი ლეთეთელის, იოანე ბერაის, სიმონ, გიორგი, იოანე დვალების, ქალი გადამწერების - ეკატერინე აბაშიძის, ელისაბედ ჯორჯაძის, ანა ამირეჯიბის, - და სხვა ოსტატთა სახელებმა.
კალიგრაფობა, ანუ ლამაზად წერა, გულისხმობს ქართული დამწერლობის ღრმა ცოდნასა და სწორად გაგებას. იგი ემსახურება საზოგადოებრივ განათლებას, ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს. ქართული კალიგრაფია განუყოფელია წიგნის ხელოვნებასა თუ სხვადასხვა პერიოდის სიგელ-გუჯრებსა და დიდ ადამიანთა ხელრთვასთან.
გამოფენა გაიხსნება 19.00 საათზე.
დაიხურება 16 დეკემბერს.