DSC_5233

სალოტბარო სკოლა ყვარელში

29 იანვარს ყვარელში გაიხსნა სალოტბარო სკოლა, სადაც მოზარდები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართული ფოლკლორის თითოეულ დარგს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში.
სპეციალურად ამ დღისთვის ყვარელში სტუმრად ჩავიდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლ "ერისიონი"-ს ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ყვარლის კულტურის სახლში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კონცერტზე ფოლკლორულმა ანსამბლმა "ხეურომ" ქართული, ხალხური სიმღერები შეასრულა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში ეტაპობრივად გაიხსნება ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობები და სალოტბარო სკოლები. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენას, მოვლასა და პოპულარიზაციას.