_DSC5567

სალოტბარო სკოლა მესტიაში

24 თებერვალს, მესტიაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მორიგი სალოტბარო სკოლა გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 14 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. კერძოდ, სკოლების გახსნა მესტიის გარდა, უკვე დაგეგმილია ბაღდათის, ონისა და ცაგერის რაიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უხუცეს მომღერალს, ისლამ ფილფანს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - "ხელოვნების ქურუმი" გადასცა. მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ისლამი უკვე მე-4 ლოტბარია, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა აღნიშნულ ნომინაციაზე წარადგინა.
2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო. 2016 წლისათვის დაგეგმილია ყველა სალოტბარო სკოლისათვის საკრავებისა და ინვენტარის შეძენა და ინფრასტრუქტურის გამართვა.
წარმომადგენლობების (ცენტრების) საქმიანობის ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ქართულ ფოლკლორში კუთხურობის შენარჩუნება და დამკვიდრება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია სალოტბარო სკოლები - სიმღერა-გალობა და ქორეოგრაფიული განყოფილებები, მალე გაიხსნება ზეპირსიტყვიერების,  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები.