_DSC9304

სალოტბარო სკოლა ბაღდათში

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ბაღდათში მე-16 სალოტბარო სკოლა გახსნა
29 მარტს ბაღდათის ახალგაზრდული ცენტრის შენობის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა რიგით მე-16 სალოტბარო სკოლა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ანზორ ერქომაიშვილი, ფოლკლორის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ჭკუასელი, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენლები, იმერეთის მხარის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი და ეპარქიის სხვა წარმომადგენლები.
ცერემონიალის დასასრულს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც განაპირობებს სალოტბარო სკოლის ეფექტურ ფუნქციონირებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 15 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. კერძოდ, სკოლების გახსნა ბაღდათის გარდა, უკვე დაგეგმილია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, ონისა და ცაგერის რაიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.