33

ტრისტან სიხარულიძის საიუბილეო საღამო კონსერვატორიაში

10 თებერვალს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ტრისტან სიხარულიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და კონცერტი.

ტრისტან სიხარულიძე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე ქართული ხალხური (გურული) სიმღერის გამორჩეული შემსრულებელი, შეუდარებელი იმპროვიზატორი და ტრიოში მღერის დიდოსტატია. საღამოს უძღვებოდა ფოლკლორისტი გია ბაღაშვილი.

კონცერტში მონაწილეობდნენ: სიხარულიძეების საოჯახო ანსამბლი, ,,შვიდკაცა" (ოზურგეთი), ,,რუსთავი", ,,ერისიონი", ,,ბასიანი", ,,შილდა". საღამოს ორგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფონდი ,,ქართული გალობა", საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

საღამოს დასასრულს საქველმოქმედო ფონდ ,,ქართული გალობის" დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო კომპანია ,,მეღვინეობა შილდას" ახალი ინიციატივის - ,,საპატიო დარბაზის" - დაარსების შესახებ. ,,საპატიო დარბაზი" გააერთიანებს ფოლკლორის ღვაწლმოსილ ადამიანებს, რომელთაც ექნებათ გარკვეული ფინანსური ანაზღაურება, სამედიცინო დაზღვევა ქვეყნის შიგნით და გარეთ, კომპანია ,,მეღვინეობა შილდას" პროდუქციით უზრუნველყოფა.

,,საპატიო დარბაზის" პირველი წევრობის პატივი ტრისტან სიხარულიძეს ერგო.