IMG_20200923_165133_682

საერთაშორისო სიმპოზიუმი – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ გაიხსნა

,,მივესალმები აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორის XIV საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.მსგავსი საერთაშორისო ფორუმების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული კულტურის საერთაშორისო სარბიელზე წარმოჩენად.მოხარული ვარ, რომ უკვე თოთხმეტწლიანი გამოცდილების მქონე სამეცნიერო ფორუმის ორგანიზებაში საქართველოს ფოკლორის ცენტრიც მონაწილეობს. ჩვენთვის ეს დიდი პატივია. იმედს ვიტოვებ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, წარმატებულ მუშაობასა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს ვუსურვებ სიმპოზიუმის ყველა მონაწილეს.


დღეს, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და წარმოჩენა ყველასთვის პრიორიტეტულია, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისათვის. ეროვნული კულტურა - ფოლკლორი თავისი დარგებით - სიმღერა, გალობა, ცეკვა, გამოყენებითი ხელოვნება, ზეპირსიტყვიერება, მატერიალური თუ არამატერიალური მემკვიდრეობა - ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი საუკეთესო მსაზღვრელია.


ფოლკლორის ცენტრი იმ ინსტიტუციებს შორისაა, რომელთათვისაც ტრადიციული კულტურა, მისი დაცვა და შენარჩუნება უმთავრესია. ჩვენი ცენტრის ინტერესის არეალშია არამარტო ქართული, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეთნოსის კულტურა. ვიდრე უშუალოდ ცენტრის პროექტებზე ვისაუბრებდე, როგორც, მუსიკოსი ვიქნები ოდნავ სუბიექტური და რამდენიმე წუთით თქვენს ყურადღებას ქართულ ხალხურ სიმღერაზე და მის მნიშვნელობაზე შევაჩერებ.


ქართული ტრადიციული მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას განმსაზღვრელი მახასიათებელი მისი მრავალხმიანობაა. თუ უფრო  დავკონკრეტდებით ვოკალური მრავალხმიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ტრადიციაში სიმღერას გაცილებით უფრო დიდი ადგილი უჭირავს, ვიდრე საკრავს. ქართველისათვის მრავალხმიანი აზროვნება გენეტიკურადაა განპირობებული და როგოც ჩანს, ერთად, მრავალ ხმაში მღერა ჩვენთვის ყოველთვის იყო ურთიერთობისა და თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება.


მე-19 საუკუნიდან ქართული ფოლკლორის, ერთი მხრივ, სამეცნიერო დისციპლინად გადაქცევამ, მეორე მხრივ, ცხოვრების სტილის ცვლამ, ტრადიციული საზოგადოების აზროვნებასა და მსოფლმხედველობაში ძირეული გარდატეხა მოახდინა, ხოლო ხალხური შემოქმედების განვითარების ბუნებრივი გზა არსებითად შეცვალა. დღეს ფოლკლორი ნაკლებად ფუნქციონირებს ყოფაში, მისი ადგილი სცენაზე, კვლევით ცენტრებსა თუ მუზეუმებშია.


ფოლკლორის ცენტრი დღესდღეობით თავის უმთავრესად მიიჩნევს ტრადიციული კულტურის არა მხოლოდ დაცვასა და შენარჩუნებას, არამედ მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას. ამ თვალსაზრისით, მრავალწლიანი ისტორის მქონე დაწესებულების მიერ, ბოლო პერიოდში განხორციელდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი პროექტები“ – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის, მისასალმებელი სიტყვა.


სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან:


➤ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი


➤ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


➤ კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)


➤ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი


შეგახსენებთ, რომ სიმპოზიუმი 26 სექტემბრამდე გაგრძელდება


გაეცანით განრიგს ვებგვერდზე - http://conference.litinstituti.ge