21 აპრილს 19 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება სვანი მხატვრების - ჯიმშერ გუჯეჯიანის, არჩილ გვარლიანის, შალვა გულედანის, ვალერი გვარლიანის, კახაბერ ბარლიანის, შალვა შუკვანის, ლეო და რევაზ ხოჯელანების ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი ნამუშევარი - ხატწერა, ფერწერა, ხის მხატვრული დამუშავება. გამოფენა ქართული ეროვნული მხატვრობის ერთგვარი გამოძახილია. ჯგუფური გამოფენა სხვადასხვა თაობის მხატვრებს აერთიანებს. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ერთად წარმოდგენილი ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრები თანამედროვე ქართულ მხატვრობაში თავიანთ სიტყვას ამბობენ. ექსპონატები გამოირჩევა მაღალმხატვრულობით და გაჯერებულია ზომიერი, მსუყე და კოლორიტული ფერებით. ნამუშევრებში იგრძნობა მშობლიური კუთხის სიყვარული და ერთგულება. გამოფენაზე ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილია შესანიშნავად დაწერილი და ხეში შესრულებული ხატები. გამოფენის გახსნას მუსიკალურად გააფორმებს ანსამბლი ,,რიჰო".
ნამუშევრების დათვალიერება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
გამოფენა გაგრძელდება 4 მაისამდე.