2018 წლის 14 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ისტორიის დოქტორის, თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორის როზეტა გუჯეჯიანის ახალი წიგნის - „ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები“ - პრეზენტაცია.
როზეტა გუჯეჯიანის სამეცნიერო ინტერესების სფერო ფართო და მრავალმხრივია: ქართული კულტურა, საქართველოს ისტორიული ეთნოლოგია, სვანეთის ტრადიციული კულტურა, რელიგიის ანთროპოლოგია, თურქეთის ქართველთა ტრადიციული ყოფა და კულტურა, თანამედროვე ეთნოკულტურული და სოციოკულტურული პროცესები.
ნაშრომში წარმოდგენილი ისტორიული რეპრეზენტაცია დიდგორის „ძლევაი საკვირველის“ და „დედა ქართლისა თამარის“ შესახებ უნივერსალურია საქართველოს ყველა ეთნოგრაფიული მხარისთვის; ეთნოგრაფიულ და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, განხილულია რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის - ზემო მაჭახლის, თურქეთის რესპუბლიკის მარმარილოს ზღვის რეგიონის, ნიგალის ხეობის - ეთნიკურ ქართველთა შორის დალექილი ისტორიული და კულტურული მეხსიერების ფაქტები, ბათუმთან დაკავშირებული სოციალურ-კულტურული ასპექტები თურქეთელ ქართველთა ტრადიციულ ყოფაში და სხვა.
პრეზენტაციაში მონაწილეობს ფოლკლორული ანსამბლები - „მზეთამზე“ და „ნანინა“.
დასაწყისი 17:30 საათზე