16 იანვარს ოზურგეთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, ოზურგეთის მერი - ბეგლარ სიორიძე, ანსამბლ "ერისიონი"-ს ხელმძღვანელი - ჯემალ ჭკუასელი, პოეტი - ეთერ თათარაიძე, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები, კულტურის სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ოზურგეთის სალოტბარო სკოლა ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული (გურული) სიმღერისა და ტრადიციული გალობის აღდგენა-გადარჩენას, პოპულარიზაციას, ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებასა და მოვლას, ფოლკლორის ყველა დარგის თანაბარ განვითარებასა და აღორძინებას.
სალოტბარო სკოლაში მოსწავლეები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში.
სალოტბარო სკოლის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობდნენ: ანსამბლები - "შვიდკაცა" და "ვახტანგური", ტრიო "შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდი.