დასრულდა ესპანელი ეთნომუსიკოლოგის პოლო ვალეხოს სამუშაო შეხვედრები სალოტბარო სკოლების 40-მდე პედაგოგთან. შეგახსენებთ: 9-13 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ესპანელ ეთნომუსიკოლოგს, პედაგოგსა და კომპოზიტორს, პოლო ვალეხოს მასპინძლობდა.
საქართველოს რეგიონების სალოტბარო სკოლების 40-მდე პედაგოგს 5 დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ.
მასტერკლასის მიზანი იყო: ახალი იდეების, თეორიული და პრაქტიკული სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობა, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება. ევროპელ ხალხთა ისტორიული ცეკვები, აფრიკის ანტიფონური სტრუქტურები და რიტმიკა, შემოქმედებითი და მრავალფეროვანი მუსიკალური მოგზაურობა ენებსა და კოდებში - ეს ყველაფერი ესპანელმა ეთნომუსიკოლოგმა პოლო ვალეხომ ქართველ ლოტბარებს გაუზიარა.
