5

ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ოზურგეთში ფოლკლორის რეგიონული ცენტრი საზეიმოდ გახსნეს. საზეიმო გახსნაზე მიწვეულნი იყვნენ ფოლკლორში მოღვაწე ცნობილი ადამიანები და მედიის წარმომადგენლები. საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: ,,შემოქმედი", ,,შვიდკაცა“, ,,ბასიანი", ადგილობრივი ტრიო ,,შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდი, ასევე სალოტბარო სკოლის ჯგუფები ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შენობა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით. 1300 კვადრატულ მეტრზე, რომელიც 4 სართულს მოიცავს, განთავსდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, არქივი, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა და ადმინისტრაცია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.