ფოლკლორული მოგზაურობა ფშავში - ესაა სახელწოდება პროექტისა, რომელიც ნინო ნაყეურმა ფშაური სასიმღერო ფოლკლორის გადასარჩენად მოიფიქრა. ბოლო სამი წელია ახალგაზრდა ხელოვანი გოგონა ფშავსა და არხოტის ხეობაში ექსპედიციებს ახორციელებს.
,,გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აღვადგინე და წარმოგიდგენთ აქამდე უცნობ, 10 ფოლკლორულ ნიმუშს კონცერტის სახით. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ფშაური ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის. ჯერ დასაწყისია, ფშავში იმდენი საინტერესო მიმართულებაა...“, - ამბობს ნინო ნაყეური.
სახელებითა და გვარებით გაგაცნობთ პროქტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს: ნინო ნაყეური, ზურა მამუკელაშვილი, თათია ლეგაშვილი, ქეთი ტაბახმელაშვილი, ანი რობაქიძე, მირანდა წამალაშვილი, ავთო ტოჩილაშვილი, თამაზ ელისაშვილი, გიორგი ბაზერაშვილი, ნიკა ბორჩხაძე, სანდრო გორგილაძე, ანდრია მარკოზაშვილი, მიშო ხაჩიძე, ნიკა ჯოხაძე.
სპეციალურად ამ დღისთვის, ,,ფერხისას“ შესასრულებლად, ფშავიდან, სოფელ მაღაროსკარიდან ჩამოვიდნენ მოწვეული სტუმრები: 80 წლის ეთნოფორი - ვალიკო წოწკოლაური და 12 წლის ახალაზრდა მომღერალი - გიორგი მუშტაშვილი.
ფოლკლორის ცენტრისთვის უმთავრესია მსგავს პროექტებს, აქტიურ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით რეგიონებიდან, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს მათ შედეგის პოპულარიზაციაში. მადლობას ვუხდით ნინო ნაყეურს და პროექტში ჩართულ თითოეულ ახალგაზრდას, იმ ორგანიზაციებს, რომელთა ხელშეწყობითაც განხორციელდა პროექტი.
პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში აქამდე უცნობი ფშაური ფოლკლორული ნიმუშების აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ათივე ნიმუში პირველად შესრულდა სცენაზე.
გთავაზობთ ფშაური ფოლკლორული ნიმუშების ჩამონათვალს: ცეკვა ფშაური - გარმონზე, ჯვარიწინასა, ფშაური ხმით ტირილი, მინდია, ფერხისა, ფშაური სალაღობო, ქალავ ვინ მოგცა შვენება, ქალ-ვაჟური, ფშაური სათამაშო - ფანდურზე, ფშაური სუფრული - სიმღერას ბანი უხდება.
მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ სოციალურ სივრცეში გაეცნონ ფშაური ფოლკლორული ნიმუშების ჩანაწერს, ასევე, ახლო მომავალში, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში იგეგმება ამ პროექტის ფართო საზოგადოების წინაშე კონცერტით წარდგენა.
ნინო ნაყეურის წამოწყების მხარდამჭერები არიან გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი; დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურის სამსახური და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.