Folk_Poster_26_04_2016

ნაივური ფერწერა აჭარიდან

26 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრების - ჰასან ჰელიმიშისა და დურმიშხან კიკნაძის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა.
ჰასან ჰელიმიში - ლაზი მხატვარი, სახალხო მთქმელი, პოეტი, ლაზეთის ღირსეული შვილი - დაიბადა 1907 წელს „ოსმალოს საქართველოში" (ილია) - ლაზეთის სოფელ ორთახოფაში. 1932 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში, გარდაიცვალა 1976 წელს. დაკრძალულია სარფში.
ჰასან ჰელიმიშის ცხოვრებამ ისე განვლო რომ მისი მრავალმხრივი შემოქმედებისადმი ყურადღება მხატვრის სიცოცხლეში თითქმის არავის გამოუჩენია. მისი ფერწერის თემატიკა, ძირითადათ, ლაზეთის სამეურნეო-ყოფითმა და გარემო პირობებმა განსაზღვრა.
როგორც ხშირად ხდება, ჭეშმარიტ შემოქმედს გვიან „აღმოაჩენენ". ჰელიმიშის მსგავსად, ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება სრულიად უნიკალური, თვითმყოფადი ფერმწერი დურმიშხან კიკნაძე, რომელიც ქობულეთში მოღვაწეობდა და მის შესახებ, ფაქტობრივად, არავინ არაფერი იცოდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა მისი ორიგინალური მსოფლმხედველობა, ინდივიდუალური მხატვრული აზროვნება და ფერწერული სტილი. დურმიშხან კიკნაძე ნაივური ხელოვნების შესანიშნავი წარმომადგენელია.
ამ ორი დიდებული მხატვრის გამოფენას მუსილაკურად გააფორმებენ ანსამბლები აჭარიდან - „იაგუნდი" და „ელესა", რომლებიც წარმოადგენენ თეატრალიზებულ აჭარულ ქორწილს.



გამოფენა გაიხსნება 18:00 საათზე
დაიხურება 6 მაისს