22 მარტს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის (დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე) მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა: ფერწერა, ხატწერა, ტიხრული მინანქარი, თექა, ტანსაცმლის მოდელირება, ხის მხატვრული დამუშავება.
სკოლა-პანსიონი დაფუძნდა 2009 წელს - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და ხელისუფლების მხარდაჭერით.
დღეისათვის სკოლა-პანსიონში სწავლობს ხუთასამდე მოსწავლე და ასამდე სტუდენტი, თბილისიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, ჰერეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სკოლა-პანსიონი ერთადერთია საქართველოში, რომელშიც სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით გაერთიანებული მუსულმანი და ქრისტიანული აღმსარებლობის ქართველები ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ, ეუფლებიან მუსიკასა და ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას.
მუსიკალური და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ მამა-პაპათა ტრადიციებს, აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს საპატრიარქოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით მოწყობილ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში, კონკურსებში. ხვდებიან გამოჩენილ ადამიანებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეებს, და სხვა სასულიერო პირებს.
გამოფენას მუსიკალურად გააფორმებენ სკოლა-პანსიონის მუსიკალური მიმართულების ვაჟთა და გოგონების ფოლკლორული ანსამბლები და ხალხურ საკრავთა ორკესტრი.
დასაწყისი 19:00
გამოფენა დაიხურება 28 მარტს.