ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით გურიაში - ოზურგეთსა და შეკვეთილში 25, 26 და 27 ივნისს სალოტბარო სკოლების ფესტივალი ,,მომავლის ხმები" გაიმართა.
ფესტივალი ორი ნაწილისაგან შედგებოდა - საკონცერტო ნაწილი ჩატარდა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზში, სადაც ბავშვებმა ერთმანეთს და დასწრე საზოგადოებას წარუდგინეს საკუთარი კუთხის ტრადიციული სიმღერა-გალობის ნიმუშები, არაფორმალური ნაწილი კი შეკვეთილში გაგრძელდა. ბავშვები, მშობლები, ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები - ყველა ერთად ზღვაზე სხვადასხვა აქტივობებში ერთვებოდა. საღამოობით კვლავ სანახაობა ეწყობოდა - ბავშვების სიყვარული ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობისა და ცეკვის მიმართ განსაკუთრებული აღმოჩნდა, ერთმანეთს ასწავლიდნენ საკუთარი კუთხის სიმღერებს.
ფესტივალის ყველა მონაწილე: ბავშვები, მშობლები, ფოლკლორის ცნეტრის წამომადგენლები ყოველდღიურად გადიოდგენ კოვიდტესტირებას, დარბაზში დაცული იყო დისტანცია - უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყო.
ფესტივალში მონაწილეობდნენ: ოზურგეთის, ხარაგაულის, სამტრედიის, ქობულეთის, ზესტაფონის, ბორჯომის, გორის, ამბროლაურის, წალენჯიხის, თელავისა და ლენტეხის სალოტბარო სკოლის 200 მოსწავლე.
ფოლკლორის ცენტრი მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიებს, სალოტბარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
მომავლის ხმები პირველად 2019 წელს გურიაში ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობდა 11 სალოტბარო სკოლის (ოზურგეთი, წალენჯიხა, ლენტეხი, საჩხერე, ონი, მესტია, ფოთი, ბათუმი, ზესტაფონი, ქობულეთი, სამტრედია) 400-მდე ბავშვი. დღესდღეობით ფოლკლორის ცენტრის 27 სალოტბარო სკოლა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის შეწავლა ყველა მსურველს შეუძლია.