18953495_1925029034379509_6720096024740054643_o

მიშა მცურავიშვილი | ,,ჩემი სიმღერა"

9 ივნისს თბილისის ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში გაიმართა ცნობილი მომღერლის და ლოტბარის მიხეილ მცურავიშვილის აუდიოალბომის წარდგინება. აუდიოალბომი ეძღვნება მიხეილ მცურავიშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს. ალბომში შესულია ოცდახუთი ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერა, თან ერთვის მომღერლის შემოქმედებითი ავტობიოგრაფია - ,,ჩემი სიმღერა", წინასიტყვაობისა და სიმღერების ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. წარდგინებას უძღვებოდნენ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და ანსამბლ ,,რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი. მიხეილ მცურავიშვილი ნახევარ საუკუნეზე მეტია ემსახურება ქართულ ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას და, ამდენად, განუზომელია მისი დამსახურება ქართული ფოლკლორის წინაშე: ქართლ-კახური და ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი; ლეგენდარული ანსამბლების - ,,ფიროსმანის" და ,,გორდელას" წევრი; გორის ვაჟთა გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; ქართულ ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორი და სოლისტი; თბილისური დუდუკის მოტრფიალე - ქსოვრელების მედუდუკეთა დასტის სოლისტი და საუკეთესო შემსრულებელი. პრეზენტაციაზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა ანსამბლმა ,,რუსთავმა".