9 მარტს, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ხელმმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი არტოს ბაღში შეხვდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორს გიორგი დონაძეს, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტებს და ცენტრის მიერ რეგიონებში გახსნილი სალოტბარო სკოლების ლოტბარებს.
შეხვედრის მიზანი:სალოტბარო სკოლების ხელშეწყობა, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონებში ფოლკლორის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა.
ამასთან დაკავშირებით ფოლკლორის სახელმწიფო და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ანზორ ერქომაიშვილი სამეგრელოსა და გურიაში არსებულ სალოტბარო სკოლებს ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულებსა და ქართველ ლოტბართა მონოგრაფიებს გადასცემს.
„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის შენარჩუნება. ამისთვის უნიკალური პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც რეგიონებში სალოტბარო სკოლების გახსნას ითვალისწინებს. მომავალი ლოტბარების პროფესიული დონის ამაღლებაზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ზრუნავს. მათი წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანია ასეთი სახის მხარდაჭერა. ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მუდმივად ზრუნავს და გვეხმარება უნიკალური გამოცემებითა და აუდიო სასწავლო დისკებით, რომელსაც უსასყიდლოდ გადავცემთ სალოტბარო სკოლებს“, - აღნიშნა გიორგი დონაძემ.
„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წყალობით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ შეისწავლოს უძველესი ქართული სიმღერები და ტრადიციული გალობა. გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებლობა ეძლევათ, განათლება უფასოდ მიიღონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. ისინი უკვე პროფესიონალები ბრუნდებიან რეგიონებში და მომავალ თაობას გადასცემენ ტრადიციას. მათი თანადგომა მნიშვნელოვანია. ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა გამოსცა ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულები და ქართველ ლოტბართა მონოგრაფიები, ასევე ხალხური სიმღერების აუდიოჩანაწერები კომპაქტდისკის სახით, რომლებიც დაშლილია ხმების მიხედვით და აადვილებს სწავლის პროცესს. ჩვენი ცენტრი მზად არის ეს უნიკალური ჩანაწერები და გამოცემები მათ საჩუქრად გადასცეს,“ - განაცხადა ანზორ ერქომაიშვილმა.