WhatsApp Image 2022-02-09 at 06.44.41 (1)

ლოტბარი თორნიკე სხიერელი ,,საგალობლის" სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა

ლოტბარი თორნიკე სხიერელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ ,,საგალობლის“ სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.


,,საგალობელი“ ერთ-ერთი გამორჩეული ანსამბლია დღევანდელ ფოლკლორულ-საშემსრულებლო სივრცეში ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით; რაჭული სამუსიკო დიალექტისადმი ერთგულებით; ძველის ძიებით, აღდგენითა და დამკვიდრებით; ქვემო რაჭული სიმღერის გადარჩენითა და პოპულარიზაციით. საგალობელი 1972 წელს შეიქმნა გიგა სხირტლაძის ინიციატივითა და როსტომ გოგოლაძის ხელმძღვანელობით. პროფესიონალმა ლოტბარმა, მომღერალი სოფლის, გვარისა და ოჯახიშვილმა მრავალი წლის განმავლობაში სოფელ-სოფელ მოაგროვა და გააცოცხლა ქვემო რაჭული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, ამიტომაც ხშირად რაჭული სიმღერის არქეოლოგს უწოდებენ.


როსტომ გოგოლაძის გარდაცვალების შემდეგ ანსამბლი შემოქმედებითი კრიზისის წინაშე დადგა. წლების შემდეგ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით ლოტბარი თორნიკე სხიერელი ანსამბლ ,,საგალობლის“ სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
WhatsApp Image 2022-02-09 at 06.44.41,,ჯერ კიდევ სიცოცხლეში, ბატონ როსტომს ჰქონდა სურვილი ანსამბლის ხელმძღვანელობა გადამებარებინა, გამომიცხადა ნდობა, თუმცა იმ დროსათვის პასუხისმგებლობის აღება გამიჭირდა, ობიექტური მიზეზების გამო... ახლა კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწვევითა და ხელშეწყობით, ახლახანს შევუერთდი ,,საგალობელს“. აუცილებლად გამოვიყვანთ ანსამბლს კრიზისული მდგომარეობიდან. ამჟამად, 14 წევრის შემადგენლობით დავიწყეთ მუშაობა. სისტემურად და კომპლექსურად შევუდექით საქმეს - გავაძლიერეთ გუნდი. ვგეგმავთ როსტომისეული ნიმუშების კვლავ გაცოცხლებას, ასევე ძველი საექსპედიციო, თუ ჩემს მიერ მოძიებული ნიმუშების შეწავლასა და რეპერტუარის გამდიდრებას. გეგმები ბევრი გვაქვს...“ - ამბობს, თორნიკე სხიერელი.


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ვალიშვილის თქმით, თორნიკე წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და ახალ სულს შთაბერავს ანსამბლს, - ,,ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ პრობლემის შესწავლის შედეგად ყურადღება ახალგაზრდა ლოტბარზე - თორნიკე სხიერელზე შეჩერდა. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანმა გარემოებამ განაპირობა: თორნიკე რაჭის მკვიდრია, რაჭის ყოფაში აღზრდილი და აქაური ტრადიციების მატარებელი, - ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი ეთნოფორია. ის ლოტბარია უმაღლესი განათლებით და ამავე დროს პრაქტიკოსი შემსრულებელიცაა დიდი გამოცდილებით: ბავშვობაში შალვა ჯაფარიძის გუნდში მღეროდა; დღემდე ფოლკლორულ ანსამბლ ,,სახიობას" სოლისტია... რაც ყველაზე მთავარია, თორნიკემ სრულიად უანგაროდ, რაჭველი ახალგაზრდებისგან ჩამოაყალიბა ფოლკლორული ანსამბლი ,,ძირიანი", რითაც ახალი დიდი გზა გაკვალა რაჭული ფოლკლორული ტრადიციების შესწავლა-პოპულარიზაციის საქმეში. თორნიკეს, როგორც ჭეშმარიტ ეთნოფორს, თანაბრად ემარჯვება სიმღერა, საკრავებზე დაკვრა, ცეკვა, ექსპრომტი და იმპროვიზაცია...“


სახალხო ანსამბლი საგალობელი ოლიმპიადების, დათვალიერებებისა და ფესტივალების ოთხგზის ლაურეატია; იტალიის კუნარდოს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი; ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალისა (2005-2006) და ფოლკლორის ეროვნული პრემიის (2011) ლაურეატი. 2013 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ჩაიწერა და გამოსცა საგალობლის პირველი აუდიოალბომი. ამავე წელს ფონდმა ,,ქართულმა გალობამ” როსტომ გოგოლაძეს ქართული სიმღერის მოამაგის წოდება მიანიჭა, ხოლო 2016 წელს ბაია ასიეშვილის ავტორობით გამოსცა მონოგრაფია - როსტომ გოგოლაძე.