qaveri

ლექსო არ დაიკარგები • ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო ,,ლექსო, არ დაიკარგები" კვლავ აღსდგა 2008 წელს და იმართება ყოველწლიურად; 2018 წელი საიუბილეოა - საღამოს განახლებიდან 10 წლისთავი. ღონისძოიების ყოველწლიური, აპრობირებული ფორმატი, წელს მეტად მასშტაბურ სახეს მიიღებს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეების (ავტორმთქმელების) ხალხური სიმღერისა და ცეკვის ავთენტური შემსრულებლების გვერდით, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოაჩენენ თავიანთი ეთნოსისათვის დამახასიათებელი ხალხური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს.

პროექტის მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.

1979 წლის 14 აპრილს გაიმართა ხალხური პოეზიის პირველი საღამო ,,ლექსო, ნუ დაიკარგები", რომელსაც უძღვებოდნენ ვახუშტი კოტეტიშვილი და ალექსი ჭინჭარაული, ხოლო საღამოს ჩატარების მთავარი ინიციატორი, ინსპირატორი და სულის ჩამდგმელი გახლდათ ცნობილი ქართველი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ათწლეულების შემდეგ დიდი ძალისხმევით აღადგინა ეს უმნიშვნელოვანესი ტრადიცია.

ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

საღამო გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში
დასაწყისი:19:00 საათზე