21 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა პროფესიონალი მხატვრის ლანა მინდელის ნახატების პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია აკრილში შესრულებული 70-მდე აბსტრაქტული ფერწერული ტილო. გამოფენა გაგრძელდება 3 დეკემბრამდე.
ლანამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - მოდელირების ფაკულტეტი. 1994 წელს სასტუმრო ,,მეტეხი პალასში" გაიმართა ტანსაცმლის მოდელების მისი პირველი, პერსონალური ჩვენება. მონაწილეობდა ყოველწლიურ საერთაშორისო, საქველმოქმედო კონკურსში - ,,მოდა XXI საუკუნე", სადაც გახდა მესამე ადგილის გამარჯვებული. 2002-2009 წლებში ხელმძღვანელობდა საკუთარ მაღაზია-სალონს ,,ქართული სახლი", სადაც წარმოდგენილი იყო სახლის ხელნაკეთი აქსესუარები და ავეჯი, მისი დიზაინით შექმნილი. ასრულებდა ნახატებს ტუშში, ზეთში, აკვარელში. მონაწილეობდა პროფესიონალ მხატვართა გამოფენაზე ,,შემოდგომა 2017".
