ლანა მინდელის პერსონალური გამოფენა
21 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება პროფესიონალი მხატვრის ლანა მინდელის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია აკრილში შესრულებული 70-მდე აბსტრაქტული ფერწერული ტილო. ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალური ხედვით და პროფესიონალიზმით.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - მოდელირების ფაკულტეტი. 1994 წელს სასტუმრო ,,მეტეხი პალასში" გაიმართა ტანსაცმლის მოდელების მისი პირველი, პერსონალური ჩვენება. მონაწილეობდა ყოველწლიურ საერთაშორისო, საქველმოქმედო კონკურსში - ,,მოდა XXI საუკუნე", სადაც გახდა მესამე ადგილის გამარჯვებული.
2002-2009 წლებში ხელმძღვანელობდა საკუთარ მაღაზია-სალონს ,,ქართული სახლი", სადაც წარმოდგენილი იყო სახლის ხელნაკეთი აქსესუარები და ავეჯი, მისი დიზაინით შექმნილი.
პარალელურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში ასრულებდა ნახატებს ტუშში, ზეთში, აკვარელში. ახლა ხატავს აკრილში და დაუგროვდა 70-მდე აბსტრაქტული ნამუშევარი. მონაწილეობდა პროფესიონალ მხატვართა გამოფენაზე ,,შემოდგომა 2017".
გამოფენა გაიხსნება 19 საათზე
გამოფენა გაგრძელდება 3 დეკემბრამდე