საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ფოლკლორული პროექტების - ,,შენი ფოლკლორული იდეა“ - კონკურსს უკვე მეორედ აცხადებს. სამეცნიერო-კვლევით და შემოქმედებით პროექტებზე განაცხადები 28 იანვრიდან მიიღება.
პროექტები მოიცავს ქართული ფოლკლორის დარგებსა და საეკლესიო გალობას, რაც, უპირველესად, გულისხმობს ფოლკლორულ, სამგალობლო და კულტურულ-საგანმანათლებლო ასპექტებს, ამ პროცესში ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედი ინდივიდების ჩართვას, ხელშეწყობასა და წახალისებას.
საკონკურსო განაცხადები ორი სახისაა: სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი.
სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით უპირატესობა მიენიჭება სტუდენტების, დოქტორანტების, ახალგაზრდა მეცნიერების, მკვლევრების მიერ რეგიონებიდან წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს.
შემოქმედებითი მიმართულება უპირატესად ითვალისწინებს რეგიონებში არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდების მიერ ადგილობრივი, მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშების მოძიებას, დაფიქსირებასა და შესრულებას.
კონკურსის მიზანია: საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება გამოავლინონ დღესდღეობით ქართულ ფოლკლორში არსებული აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემები, წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ფოლკლორული მემკვიდრეობისა და ფასეულობის მიმართ.
რეგიონებში სტუდენტებმა, დოქტორანტებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა, მკვლევრებმა, შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ინდივიდებმა მოიძიონ, დააფიქსირონ და აღადგინონ ადგილობრივი მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშები.
მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები: ასაკი- შეუზღუდავი; განათლება - საშუალო, უმაღლესი; ენები - აუცილებელია ქართული ენის ცოდნა.
თითოეული მიმართულებიდან მოხდება არანაკლებ ერთი გამარჯვებული პროექტის შერჩევა. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს ათი ათას ლარს.
კონკურსში გამარჯვებული პროექტის განხორციელების ვადა 2020 წლის 10 დეკემბერია.
სამეცნიერო და შემოქმედებით პროექტებზე განაცხადი მიიღება 2020 წლის 28 იანვრიდან 15 თებერვლამდე.
გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შექმნილი სპეციალური კომისია.
გთხოვთ, პროექტის განაცხადის ფორმა გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@folk.gov.ge ან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 68.
კონკურსი გაიმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - "კულტურის ხელშეწყობის" - ფარგლებში.
იხილეთ: კონკურსის-შენი-ფოლკლორული-იდეა-დებულება
კონკურსის კოორდინატორი: ნანა ვალიშვილი +995 593 26 21 90