8 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონის (დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე) მოწაფეთა ნამუშევრების გამოფენა: ფერწერა,ხატწერა,ტიხრული მინანქარი,ტანსაცმლის მოდელირება,ხის მხატვრული დამუშავება.
სკოლა-პანსიონი დაფუძნდა 2009 წელს-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა კურთხევით.
დღეისათვის სკოლა-პანსიონში სწავლობს 500-მდე მოსწავლე და სტუდენტი, თბილისიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, ჰერეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სკოლა-პანსიონი ერთადერთია საქართველოში, რომელშიც, სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით გაერთიანებული მუსულმანი და ქრისტიანი ქართველები ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ, ეუფლებიან მუსიკასა და ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას.
გამოფენა მუსიკალურად გააფორმეს სკოლა-პანსიონის მუსიკალური მიმართულების ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ხალხურ საკრავთა ორკესტრმა.
