10

კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები ია (ილია) კარგარეთელისადმი მიძღვნილ საღამოზე

კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა ია (ილია) კარგარეთელისადმი მიძღვნილ საღამოში მიიღეს მონაწილეობა.
ცნობილი კომპოზიტორის, მუსიკსისმცოდნის, ფოლკლორისტის, პედაგოგის, მომღერლისა (ტენორი) და საზოგადო მოღვაწის ია  კარგარეთელის ღონისძიება კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში  ჩატარდა, რომელშიც მისი პირადი არქივია დაცული.
მოსწავლეებმა შეასრულეს ქართლური და ქალაქური სიმღერები: ,,სხვათა მოჯამაგირობას", ,,გოგიასა გოგიასა" და  ,,რა კარგი რამ ხარ".
მუსიკისმცოდნე ეკატერინე ყაზარაშვილმა საზოგადოებას ია კარგარეთელის პირად არქივში დაცული მუსიკალური მასალა სანოტო ხელნაწერებისა თუ სხვა ტიპის დოკუმენტები წარუდგინა.
ია (ილია) კარგარეთელის დიდი დამსახურებაა საქართველოში სხვადასხვა კუთხის ქალაქური და აშუღური ნიმუშების მოძიება, შეკრება და ჩაწერა: ალილო ქართლში, მურმან, ბიჭმა თქვა, ბარვაში, შავლეგო, სუფრული ანუ მაყრული, ურმული ქართლში, ზარი მთაში - მეფე ერეკლეს დატირება, აღსდექ თამარ დედოფალო, ქება გმირისა თუშეთში, კიდევაც დაიზრდებიან, ფშაური, ამირან ჩამოსტიროდა, ოსური სათამაშო, კახური, თუშეთი, ორთავ თვალის სინათლევ, ისევ და ისევ ღვინითა (ლოთების სუფრული), სად მიგყავარ ცხოვრებავ? ფარინა, ფარინა.
კასპის სალოტბარო სკოლა 2015 წელს დაარსდა. დღესდღეობით, სკოლაში ლოტბარ ზაზა მენაბდიშვილისა და რეგენტ ეკატერინე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას თვრამეტი ბავშვი ეუფლება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიციური სიმღერა და საეკლესიო გალობა.
ია (ილია) კარგარეთელისადმი მიძღვნილი ღონისძიება კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის, გიორგი ჩადუნელის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.