256324527_3082656718616729_4029066765012306758_n

კანდი მერლანის 80 წლის იუბილე ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა

კანდი მერლანი - ქართული ფოლკლორის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი სახელი და გვარია. სვანური ცეკვის უბადლო შემსრულებელი და მესტიის ფოლკლორული ანსამბლის - ,,რიჰოს“ მთავარი ქორეოგრაფი სოფელ ლენჯერში დაიბადა და დღესაც იქ ცხოვრობს. მამამ ფეხის ცერებზე ბავშვობაში დააყენა და მას შემდეგ სვანური ცეკვა გახდა მისი ცხოვრების არსი.
სვანეთი, რაჭა, აჭარა, აფხაზეთი, თუშეთი, კახეთი, გურია, იმერეთი, სამეგრელო - დიდ ხელოვანს 80 წლის იუბილე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს. მსმენელის წინაშე წარდგნენ: ,,რიჰო“, ლელა თათარაიძე, ,,ერისიონი", ,,რუსთავი", ,,ბერმუხა“, ,,ბასიანი“, ,,ძირიანი“, ,,დიდგორი“, ,,შილდა“, ,,სახიობა“ და მესტიის სალოტბარო სკოლა.
,,ბატონ კანდის უდიდესი დამსახურება აქვს ქართული ფოლკლორის წინაშე. მთელი ცხოვრება თავდახრილი ემსახურება კულტურას. ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ფოლკლორს - ქართულ სიმღერას, ცეკვას...ანსამბლმა ,,რიჰომ’’ დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნამდვილად დიდია კანდი მერლანის დამსახურება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, ფოლკლორის - სვანური ქორეოგრაფიის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში. აუციელებლია კანდი მერლანის მსგავსი ხალხის წარმოჩენა მომავალი თაობების წინაშე, - ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე“.




სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და აქედან იწყება კანდი მერლანის ქართული (სვანური) ცეკვისთვის მიძღვნილი გრძელი შემოქმედებითი გზა. ქორეოგრაფმა აღადგინა სხვადასხვა საფერხულო ცეკვები შესაბამისი ცერული ილეთებით: „საფერხულო ლილე“, „დიდებათა“, „ციოყ-მახვში“, „დალა კოჯარს ხელღვაჟალე“, „ირინოლა“, „კასლეთილა“; ასევე შექმნილი აქვს 4 ეტაპიანი საფერხულო კომპოზიცია (I-გერგილი, II-შიშაი გერგილი, III-შინაორგილი და IV-ცერული).
კანდი მერლანის საიუბილეო საღამო გაიმართა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.