11

იოსებ რატილი - „უცხო კაცი“ ჩეხეთიდან

XIX საუკუნის მეორე ნახევარი ქართული კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული პერიოდია. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის კვალდაკვალ საფუძველი ეყრება ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს როგორიცაა: ქართული გალობის ნოტირება, ტრადიციული მუსიკისა და სიტყვიერების შეკრება, კვლევა და პოპულარიზაცია. ეროვნული საგანძურის გულშემატკივრებში უცხოელებიც არიან, მათ შორისაა ჩეხი მუსიკოსი იოსებ რატილი.

პრაღის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იოსებ რატილი - როგორც საოპერო მომღერალი ევროპის სხვადასხვა თეატრში გამოდიოდა. 1880 წლიდან კი, მისი საქმიანობა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დაუკავშირდა. ხელოვნების მოღვაწეებთან ურთიერთობამ და იმ დროის საქართველოში გამეფებულმა ატმოსფერომ, როგორც ჩანს მუსიკოსზე დიდი ზეგავლენა იქონია. ქართული ტრადიციული მუსიკით მოხიბლული იოსებ რატილი, 1885 წლიდან მიიწვიეს ლადო აღნიაშვილის ხალხური სიმღერის გუნდის - ქართული ხოროს ლოტბარად. იმ დროის პრესა, განსაკუთრებით ილიას ივერია ხშირად აშუქებდა მუსიკოსის მოღვაწეობის საინტერესო ფაქტებს. პუბლიკაციებში კარგად ჩანს რატილის საქმიანობის მრავალმხრივობა - სიმღერების შემკრების, ნოტებზე გადამღების, ლოტბარისა თუ შემსრულებლის ამპლუა:

ბ-ნს რატილს დაუვლია გურია-სამეგრელო, იმერეთი, კახეთი და ქიზიყი. იმერეთში მოუსმენია სიმღერა თ. ჩხეიძეების ქალებისა, კახეთში უნახავს კარგი მცოდნე ძველებურის ქართულის საერო სიმღერებისა. ბათუმში გაუგონია წმინდა გურული სიმღერები. ზოგიერთი ადვილი მოტივი და სათქმელი ბ-ნს რატილს უკვე დაუწყვია ნოტებზედ. (ივერია, 1889, #186)

 2

რატილის მიერ ნოტირებული კახური ალილოს ფრაგმენტი

რატილის გუნდის მიერ გამართული საღამოები ზოგჯერ საგანმანათლებლოსთან ერთად, საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა. კონცერტების შემოსავალი ხშირად ხმარდებოდა ქართული გალობისა და სიმღერის ნოტირების საქმეს; ზოგჯერ, სხვა ყოფით საჭიროებებს. ასე მაგალითად, 1890 წლის 24 ივნისს, გუნდს კონცერტი მცხეთაში არაგვის ხიდის მშენებლობისათვის გაუმართავს: წარმოდგენის შემოსავალი დანიშნულია იმ ხიდის სასარგებლოდ, რომელიც უნდა არაგვზედ გაიმართოს და ურომლისობაც ასე ძლიერ აწუხებს გაღმა-გამოღმა სოფლებსა (ივერია, 1890, 130).

თუ თვალს გადავავლებთ იმ ქალაქებისა და დაბების ჩამონათვალს, რომლებშიც რატილი კონცერტებს მართავდა, ადვილად წარმოვიდგენთ მისი შემოქმედებითი აქტივობების ინტენსივობას. თბილისის გარდა, ასეთ ადგილებად მოხსენიებულია: მცხეთა, თელავი, გორი, კასპი, დუშეთი, ხაშური, ახალქალაქი, ქუთაისი, ახალ-სენაკი, ფოთი, ბათუმი, სოხუმი, ოჩამჩირე; გუნდი ასევე მოგზაურობდა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში. საქართველოს გარეთ აჟღერებული ქართული მუსიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა ერთი მხრივ სამშობლოს გარეთ მცხოვრები ქართველებისათვის, მეორე მხრივ ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისათვის.

3

იოსებ რატილი გუნდის წევრებთან ერთად

უნდა ითქვას, რომ იოსებ რატილის საქმიანობის შეფასება არ იყო ცალსახად დადებითი. მხარდაჭერასთან ერთად, ის კრიტიკასაც ხშირად იმსახურებდა. კრიტიკული მოსაზრებები ძირითადად დაკავშირებული იყო გუნდის საშემსრულებლო სტილთან. აკადემიური მუსიკალური განათლების მქონე ევროპელი მუსიკოსისათვის ქართული ტრადიციული მუსიკა ხშირად ერთგვარი ექსპერიმენტისა და ინტერპრეტაციის საგანიც ხდებოდა.

შაბათს 15 თებერვალს ქ. გორში ქართულმა ხორომ, რატილის ლოტბარობით გამართა კონცერტი. იმღერეს ქართული და ევროპიული ხმები - გვამცნობს 1889 წლის ივერია. ევროპიულ ხმებთან, ზოგადად, ევროპულ მუსიკასთან ქართული სიმღერების დაახლოვების მცდელობა, როგორც ჩანს ერთგვარი ცდუნებაც იყო, ერთი მხრივ, ქართულ ტრადიციულ მუსიკაზე, მეორე მხრივ, კი საოპერო ხელოვნებაზე შეყვარებული ხელოვანისათვის. საზოგადოების მოწონებას კი, აშკარად პირველწყაროსთან სიახლოვე უფრო იმსახურებდა. ეს საგაზეთო რეცენზიებშიც კარგად ჩანს:

გორში გამართული კონცერტის შესახებ: ამ ხოროს ერთი კარგი რამ შევამჩნიე. იმის მიხედვით სადაურიც არის სიმღერა, დამწყობი არის: ქართლელი, კახელი, იმერელი, გურული, მეგრელი, და თუ არა ვსცდები, მგონი აფხაზიც. ეს მეტისმეტად საჭიროა, ამ ხოროსათვის, რადგან თითეულს ამათგანს უფრო კარგად ეცოდინება თავის მხრის სიმღერის ბუნება და ხასიათი  (ივერია, 1889, #135).

სოხუმში გამართული კონცერტის შესახებ: ხალხით აივსო დარბაზი, რასაკვირველია უმეტესობა ქართველობა იყო. საზოგადოებას მეტისმეტად მოეწონა ჩვენებური სიმღერები, კლუბის დარბაზში „ვაშას“ და „ქართველთ მღერალთ გაუმარჯოს“ ძახილით ყურთა სმენა არ იყო. (ივერია, 1894, #138).

ჩრდილოეთ კავკასიაში გამართული კონცერტის შესახებ: აქ არას ვიტყვი სიმღერებისა და მომღერალთა ღირსება-ნაკლულევანებაზედ, რადგან არაერთხელ თქმულა და დაწერილა; ვიტყვი მხოლოდ რომ საზოგადოებას მოსწონდა უფრო ის სიმღერები, რომლებშიაც ნათლად გამოსჭვივივს ქართული ნაციონალური კილო (ივერია, 1895, #149).

4

კონცერტის პროგრამა. ივერია, 1895, #136

ცხადია, იმ დროის საქართველოში, ქართული გუნდის შექმნისა და არსებობის უდიდეს მნიშვნელობას ვერავინ უარყოფს, მის საშემსრულებლო სტილთან და რეპერტუართან დაკავშირებული კრიტიკული მოსაზრებების მიუხედავად. ამისთანა საქმეში თვითონ წუნიც კი უნდა ჰდუმარებდესო წერდა კიდეც ილია ჭავჭავაძე თავის ერთ-ერთი წერილში და მადლობას უძღვნიდა გუნდის დამაარსებელ ლადო აღნიაშვილსა და უცხო კაცს, რომელმაც მოამზადა და გასწურთნა იგი ხორო (ივერია, 1886, #250). იოსებ რატილი საქართველოდან თავის სამშობლოში - ჩეხეთში აღარ დაბრუნებულა. ის სიცოცხლის ბოლომდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში. გარდაიცვალა 1912 წელს, დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე, კათოლიკეთა უბანში.

5

იოსებ რატილი ოჯახის წევრებთან ერთად

ქართულ სიმღერაზე შეყვარებულ ჩეხს საქართველოში ერთი ლამაზი გერმანული სიმღერაც ჩამოჰყოლია. Still ruht der See - ასე ქვია ორიგინალში კომპოზიტორ ჰაინრიხ პფეილის საგუნდო ნაწარმოებს, რომლის გაქართულებულ, რატილისეულ ვერსიას - სძინავს ტბას ჩვენში დღემდე სიყვარულით მღერიან.

სძინავს ტბას. ასრულებენ მიუზიკლის welcome to Georgia მსახიობები.

ტექსტი მოამზადა ფოლკლორის ცენტრის არქივის კოორდინატორმა თეონა რუხაძემ