1877 წლის 3 მარტს, საქართველოში გაზეთ ივერიის პირველი ნომერი დაიბეჭდა. საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთის სულისჩამდგმელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე გახლდათ. რუსეთის მკაცრი ცენზურის მიუხედავად ივერია ყოველთვის ახერხებდა მისი უპირველესი ფუნქციის შესრულებას - საზოგადოებაში ეროვნული ცნობიერების გაღვივებას, ერთიანი და ძლიერი კულტურის მქონე სამშობლოს განცდას.
ივერია არ იყო უბრალოდ ახალი ამბების მაუწყებელი გაზეთი. ის იყო ქართული საქმის, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ქომაგი. მასში დიდი ადგილი ეთმობოდა ქართულ ლიტერატურას, მუსიკას, თეატრს; გაზეთი განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა და აშუქებდა ქართული გალობის ნოტირების საქმეს, მომღერალთა და მგალობელთა გუნდების მოღვაწეობას, ხალხური მუსიკისა და სიტყვიერების ჩაწერას, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს. ამ თემებითაა გაჯერებული ივერიის თითქმის ყოველი ნომერი.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ საინტერესო პუბლიკაციას - 1901 წელს ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრაფით ჩაწერის შესახებ. წერილში მოხსენიებულია კახეთში მოძიებული ჩაკრულო, მკის სიმღერა და ურმული, გურული სიმღერები კრიმანჭულებით და თან ტაშის კვრით, აგრეთვე ხელხვავი, შინდი-მინდი და ქობულეთური ხასანბეგური. ნიშანდობლივია, რომ ამ ისტორიული ამბის მთხრობელი ქართული ფოლკლორის მეცნიერულად შესწავლის ერთ-ერთი მოთავე პეტრე უმიკაშვილი გახლავთ.
ფონოგრაფით გადაღებული სახალხო სიმღერა
ძლივს ეღირსა ქართული სიმღერების ხმებს ფონოგრაფით გადაღება!
რამდენიმე წელია რაც უკეთეს საშუალებად სახალხო მელოდიების გადასაღებად ფონოგრაფი შემოიღეს. ჩვენში ამას ეხლახან მიაქციეს ყურადღება და ამ ზაფხულს ბატონმა ზაქარია ფალიაშვილმა „წერა-კითხვის საზოგადოების“ დახმარებით კახეთსა და გურიაში გადაიღო სიმღერების ხმა.
ჩვენ დავესწარით ამ თვის 18 ფონოგრაფის დაკვრას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომეტებული ნაწილი სიმღერებისა კარგის სინამდვილით ჩაწერილა, რამდენადაც-კი ფონოგრაფსაც შეუძლია.
ყველაზე წინ უნდა ვთქვათ, ჩვენი ნახული ფონოგრაფის ცილინდრები (მილები) წმინდა სანთლისა იმ სიდიდეა, რომ მასზე დაიწერება ორი მინუტის ხანში სამღერალი ხმა. ამის გამო უფრო მეტის ხანგრძლივად სამღერალი ვერ იწერება და ამიტომ, სიმღერა თუ გრძელია ან უნდა აჩქარებულად ნამღერი დაიწეროს, ან უნდა შეიჭრას და უკუდოდ გამოვიდეს. საზოგადოდ გრძელი სიმღერისათვის უფრო დიდი ზომის ცილინდრებია საჭირო.
სწორედ ეს მიზეზია, რომ ზოგი სიმღერა სრულიად და კარგად არის გადაღებული, რომელიც კი ორ მინუტში ასწრებს გათავებას, და სრულად კარგად ვერ არის გადაღებული უფრო გრძელი სიმღერები.
კახურის სიმღერებისაგან მშვენიერათ გაიგონებთ სუფრულ (ჩაკრულს), მკიდამ წამოსვლის დროს სიმღერას და ურმულს. მეტადრე ეს ორი უკანასკნელი კარგად ისმის, ეტყობა კარგი მომღერლები ყოფილან, მეტადრე ურმულის მომღერალი. სიმღერის ხმა ნამდვილი ხმაა ადამიანისა, მხოლოდ სიტყვები მკაფიოთად ვერ ისმის, რაიცა მომღერლის ბრალი უნდა იყოს და არა ფონოგრაფისა.
გურულ სიმღერებში უკეთესად გამოსულა საცეკვაო, სიმღერები კრიმანჭულებით და თან ტაშისკვრით. „ხასამბეგური“ განთქმული ქობულეთური სიმღერა ქობულეთში და აჭარაში ვერ გვეჩვენა მშვენიერებით, როგორც ეს გაგვიგონია გურიაში. უკეთესი ამის მომღერლების სიმღერას ვერ შეედრება ეხლა გადაღებული. „ნადური“ ორჯერ არის გადაღებული და არცერთი არ ვარგა. გრძელი სიმღერაა და ვერ მოუსწრია ფონოგრაფს. უკეთესად ისმის „ხელხვავი“ და აგრეთვე „შინდი-მინდი“. სიტყვები გურულ სიმღერებშიაც მკაფიადობას მოკლებულია კახურსავით. რაც უნდა იყვეს ეს პირველი საცადისია ქართულ სიმღერების ხმების წერისა. დღევანდლამდე ნოტების გადამღებნი ვერ ახერხებენ, რომ სრულის სინამდვილით დასწერონ ქართული სახალხო მელოდიები და ამიტომ ფონოგრაფით წერა აუცილებელი საჭიროებაა. სანამ ნოტების მწერლებში მცოდნე, ნიჭიერი და განსწავლული გამოჩნდებოდეს, და მაშინაც-კი თუნდ გამოჩნდებოდეს, ერთად ერთი საშუალება ნამდვილად სიმღერის შეკრებისა და წერისათვის ფონოგრაფია. ფონოგრაფი მუსიკის მცოდნე ნოტების მწერლებსაც და მომღერალ გუნდებსაც დიდ დახმარებას მისცემს. ამის გამო დღეს ვისაც სახალხო მელოდიების მნიშვნელობა ესმის, ფონოგრაფით წერას უნდა მიაქციოს ყურადღება.
მადლობის ღირსია წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობა, რომ დასაწყისი მისცა ამ საქმეს და ბატონ ფალიაშვილს დააწერინა სახალხო მელოდიები, რომელიც სკოლებში სამღერლად უფრო საჭიროა, ვიდრე დღევანდლამდე ნაწერი ნოტები მცირე მცოდნე კაცებისა.
დასასრულ უნდა დავუმატოთ, რომ ფონოგრაფის მომართვა ძნელი საქმე არ არის, ადვილი შესასწავლია და ყველას ვისაც-კი ყიდვა შეუძლიან, ადვილად მოახერხებს მომართვას. რასაკვირველია, უკეთესად მას შეუძლიან, ვისაც მუსიკის სწავლა მეტი მიუღია. წერის დროს, რასაკვირველია, საჭიროა კარგი ხმიანი მომღერლები მოსძებნოს დამწერმა და იმისთანა სოფელი, საცა უფრო შენახულია კარგი სიმღერების ხმა და განთქმულია მომღერლებით.
„ივერია“, 1901, #184
მასალა მოამზადა ფოლკლორის ცენტრის არქივის კოორდინატორმა თეონა რუხაძემ