ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის - თამაზ მეჭიაურის - მხარდაჭერით, თიანელი ბავშვებისათვის სალოტბარო სკოლა გაიხსნა.
სალოტბარო სკოლა სოფელ ჟებოტას ახალრეაბილიტებულ მრავალფუნქციურ შენობაში განთავსდა. სწავლის მსურველებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ.
ლოტბარები - ლაშა ჯამაგიძე და გიორგი ჯოლბორდი - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები, ადგილობრივები არიან და კარგად იცნობენ ამ კუთხისფოლკლორს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას შორის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.თიანეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სალოტბარო სკოლის გახსნის მიზანია: იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
საქართველოს მასშტაბით უკვე 24 სალოტბარო სკოლა მოქმედებს. წლის ბოლომდე სალოტბარო სკოლები აბაშაში, ახალციხეში, ხონსა და ვანში გაიხსნება.