back123

თენგიზ მირზაშვილს...

არც კი ვიცი, როგორ იწერება საიუბილეო წერილი და, რომც ვიცოდე, მაინც არაფერში არ გამომადგება. შენთვის მოლოცვა ძალიან ადვილიც არის და ძალიან ძნელიც. გილოცავთ რომ გითხრა, რას მილოცავო, შემეკითხები, შენთვის ჩვეული ღიმილი გადაგივლის სახეზე და მეც გავჩუმდები. არც მინდა, რომ სიტყვა გავაბევრო. იმას კი გეტყვი, რომ ამ ცისქვეშეთში ჩემზე უფრო დავალებული შენით ალბათ მეორე ადამინი არც დადის, და ჩემში პირველად აღმოვაჩინე შური: არც მინდა რომ იაროს. რა გითხრა იმაზე უფრო კარგად და ლამაზად შენი სულის ნაყოფზე რომ თქვეს, ,,ქერიგოს ქვიშად ფერიაო“; ,,მისი თითო ნახატი სამყაროსკენ გახსნილი თითო სარკმელიაო“... ერთი რამ ცხადად ვიცი: ბედისწერის ნებით, შენმა, არსებობამ მომავლი ნათლით შემიმოსა. თავს გამოვტყდომივარ: რა უსაგნოდ ვიარსებებდით მე და ჩემი ლექსები, შენთან შეხვედრას რომ არ ველოდებოდეთ... დაბეჩავებული ქვეყანა ლამისთავზე ჩამოგვექცეს. სხვებივით რომ ვცხოვრობდეთ და ვაზროვნებდეთ შენნაირი კაცი არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია და ახლობლებთან ხმამაღლა მითქვამს: ჩუბჩიკას მიმსგავსებული ათი კაციც რომ დადიოდეს ჩვენს შორის საქართველო ისაქართველოვებსო. ეტყობა, ღმერთი არ გვწირავს.


თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა)

ვიცი, რომ გამიჯავრდები ამ წერილის გამო, მაგრამ ერთხელ ხომ მაინც უნდა ვთქვა იმათ გასაგონად, ვინც შენ ვერ გიცნობს, ვთქვა რომ შენ და შენი ნახატები ტყუპისცალებივით გევხართ ერთმანეთს... რამდენ ოჯახს ათბობს და აშუქებს შენი სული, ერთი შეხედვით უმარტივესი, მაგრამ გასაღებ ძნელადმოსარგები და თითქმის გაუხსნელია. შენ შენს ნახატებში ჩადგულმ სახლებს გევხარ, უსახურავო, უკარ-უსარკმლო სახლებს, რომელთა შიგნით სიგრძეგანიან ცხოვრებას გაუვლია და ახალ ამ წუთშიც დუღს და გადმოდუღს ჭირ-ლხინი...


ერთ ადრინდელ ინტერვიუში ქალბატონი სოფიო არაჩვეულებრივად თამამ, მაგრამ ცამდე მართალ პასუხს სცემს ჟურნალისტს: ჩემი ვალი საქართველოს წინაშე მოხდილი მაქვს, მე საქართველოს თენგიზ მირზაშვილი გავუჩინეო. ამის თქმის უფლება აქვს დედას, რომელსაც ალბათ ამ თამამი სიმართლისათვის, შემოსწყრა კიდეც შვილი... რაკი მაინც უნდა გამიჯავრდე, იმასაც გეტყვი: გილოცავ!



51607344_2270258709856538_2712804384713998336_o

ისევ ისეთი ჩუმი თავდადებით გაგეწიოს შენი წილი კალო, როგორც აქამდე ლეწავდი. არ გიყვარს შენი ნასაქმარის რეკლამირება, ამიტომაც არ იცის ბევრმა, რომ 1979 წლის 14 აპრილს ხალხური პოეზიის საღამო შენი სულჩადგმულია. იმ საღამოზე ახმიანებული ხალხური ლექსივით ღრმა და სადაა შენი ფუნჯის ყოველი მონასმი. შენნაირი ქართველების მადლმა უნდა იხსნას საქართველო გადაშენებისაგან”.


ჩუბჩიკას მეგობარი - ეთერ თათარაიძე