_DSC8354

თბილისში სალოტბარო სკოლების დღე გაიმართა

19 ივნისს, თბილისმა სალოტბარო სკოლების დღეს უმასპინძლა. თავდაპირველად, სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ დალოცა, შემდეგ კი ილიას ბაღში სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ამ ერთგვარად საანგარიშო მოსმენა-კონცერტს დაესწრნენ: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ჭკუასელი და სხვა საპატიო სტუმრები. სალოტბარო სკოლებს საჩუქრად გადაეცათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქათველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცემული ალბომები, ცნობილი ქართველი შემსრულებლების აუდიო ჩანაწერები. ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველო" .
„სალოტბარო სკოლების დღე მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახლადგახსნილი, 14 სკოლისთვის, პირველი საანგარიშო მოსმენა-კონცერტი. კოცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგება 400-მდე მოსწავლე“ - აღნიშნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსმა თამარ ახობაძემ.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, რომელშიც მსურველები უფასოდ შეისწავლიანქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. დღესდღეისობით, საქართველოს მასშტაბით 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს (წალენჯიხა, ხობი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი) რომელშიც 700-მდე ბავშვი სწავლობს.სკოლებში ასწავლიან საუკეთესო/გამორჩული/ცნობილი ადგილობრივი ლოტბარები და რეგენტები.