ფოლკლორის ცენტრის არქივის მიმართულების ხელმძღვანელი სანდრო ნათაძე და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კოორდინატორი თეონა რუხაძე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნაფარეულში, იყალთოსა და ართანაში იმყოფებოდნენ.
ისინი შეხვდნენ იმ ეთნოფორების შთამომავლებს, რომლებიც ეთნომუსიკოლოგმა თამარ მამალაძემ, 1951 წელს, საექსპედიციო მუშაობისას ჩაიწერა.
ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტებმა ამ შეხვედრებისას დააზუსტეს თამარ მამალაძის მიერ ჩაწერილ პირთა შესახებ მისსავე საექსპედიციო დღიურებში არსებული ცნობები, მეტი შეიტყვეს ეთნოფორთა ცხოვრებასა და საქმიანობაზე, შეაგროვეს მათი მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მომავალ წელს თამარ მამალაძის მოღვაწეობის შესახებ ვრცელ გამოცემას გეგმავს. მივლინებები, რომლებიც პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის ექსპედიციების მარშრუტს იმეორებს, სწორედ ამ პროექტის ნაწილია.