საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გაქრობის პირას მყოფი, უძველესი მეგრული საკრავის დამზადების ოსტატს დემურ ანთიას, წალენჯიხისა და ზესტაფონის სალოტბარო სკოლების ორი მოსწავლე: სერაფიმე კალანდია და საბა ჭუმბურიძე საკრავის დამზადებაში დახმარებას გაუწევს.
აღსანიშნავია, რომ ლარჭემის დამზადების ოსტატს აგვისტოში, ფოლკლორის ცენტრის კომპლექსური ექსპედიციის წევრებმა მიაკვლიეს.
შეგახსენებთ, რომ ექსპედიცია ეთერ თათარაიძისა და ლიკა ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, სალოტბარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად სამეგრელოში ჩატარდა.
ლარჭემი ექვსღერიანი სალამურია, რომელიც წარმოდგება სიტყვიდან ლერწამი. ცნობილია სამეგრელოში, გურიაში (სოინარი, ბერძნული სიტყვიდან - სოლინარი) და ლაზეთში (ოსტვინონი).
საკრავი შედგება ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სხვადასხვა სიგრძის მილებისაგან, რომელთა განლაგება დასავლეთ საქართველოში მკაცრადაა დაცული და მსოფლიოს სხვა ხალხებში ცნობილ მრავალღერიან საკრავთა შორის ანალოგი არ ეძებნება.