shaniZe-vevistvis

ვახტანგ ჭაბუკიანი - ქართული საბალეტო ხელოვნების რეფორმატორი

განსაკუთრებულია ვახტანგ ჭაბუკიანის დამსახურება ქართული საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. საბალეტო ხელოვნების რეფორმატორმა მამაკაცის ცეკვას თავისთავადი, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, შესძინა გმირული იერი. საბალეტო კლასიკასთან ქართული ხალხური ცეკვის შერწყმით ჭაბუკიანმა შექმნა ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ შესრულებულ ოტელოს პარტიას, რომელიც მოქმედი ცეკვისა და პანტომიმის შერწყმაა.
_______________
დღეს ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის, სახალხო არტისტის, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელის ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეა!


02 (1)


12 წლის ვახტანგ ჭაბუკიანის პირველი მასწავლებელი მარია პერინი იყო. პერინის მიერ მოწყობილი საბალეტო სპექტაკლებისათვის ვახტანგ ჭაბუკიანი თავად დგამდა და ასრულებდა საკონცერტო ნომრებს. 1926 წლიდან ჭაბუკიანმა სწავლა პეტერბურგის (ლენინგრადის) ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. მალევე გახდა კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი. ვახტანგ ჭაბუკიანმა პირველი ქართული ეროვნული ბალეტი თბილისში 1936 წელს გოგლა ლეონიძის ლიბრეტოს მიხედვით დადგა, რომლის კომპოზიტორი - ანდრია ბალანჩივაძე, მხატვარი - სოლიკო ვარსალაძე, დირიჟორი კი - ევგენი მიქელაძე იყო.


e18391e18390e18398e18390e18393e18394e183a0e18390-e28093-e18395e18390e183aee183a2e18390e1839ce18392-e183ade18390e18391e183a3e183991


ხელოვანმა გადაიღო ორი ფილმი-ბალეტი: ქართული ბალეტის ოსტატები (1955) და ოტელო (1961), სადაც სცენარიც და რეჟისურაც ჭაბუჯიანს ეკუთვნის. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მან თავისი ქორეოგრაფიით განახორციელა კლასიკური ბალეტები: დონ-კიხოტი, ბაიადურა, გედების ტბა, მძინარე მზეთუნახავი, ჟიზელი, კორსარი, კონკია, შოპენიანა, ესმერალდა.
ვახტანგ ჭაბუკიანმა მთლიანად შეცვალა კაცის როლი ქალისა და მამაკაცის წყვილთა ცეკვაში, გაზარდა მამაკაცის ტექნიკა ვარიაციებში და, რაც მთავარია, შექმნა მამაკაცის დიდი ჭაბუკიანისეული პირუეტი.


233197494


1951 წლიდან ვახტანგ ჭაბუკიანი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი და ხელმძღვანელია. 1959 წლიდან 1985 წლამდე ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლა ფუნქციონირება იქ, სადაც ამჟამად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზია.



1992 წლის 6 თებერვალს ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა. ის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მის სახელს ატარებს ვარსკვლავი გალაქტიკაში; ვარსკვლავთა საერთაშორისო კატალოგში აღნიშნულია, რომ 1996 წლის 28 ივნისს უსახელო ვარსკვლავს ,,გედის თანავარსკვლავედში’’ მიენიჭა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი.


მასალა მოამზადა ფოლკლორის ცენტრის პროექტების მართვის ხელმძღვანელმა სოფო ლობჯანიძემ