09

ექსპედიცია - კახური ცეკვის მოძიება-აღდგენა

კახური ცეკვის საცეკვაო ლექსიკის, მოძრაობების, მუსიკალური შინაარსის, ტერმინოლოგიის მოძიების, აუდიო და ვიდეოდაფიქსირების მიზნით, ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი გურჯაანში იმყოფებოდა.
,,რამდენიმე ექსპედიცია უკვე განხორციელდა ჩემი ხელმძღვანელობით. ჩვენი მიზანია ფოლკლორული ცეკვების შეგროვება, შესწავლა  და დამუშავება. გურჯაანში   მივიწყებული  კახური ცეკვები აღმოვაჩინეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  საცეკვაო ილეთები და მათი სახელწოდებები: ,,ფეხკაური'',,ცუგრუმელა'',,ბაჯბაჯური''(,,ძუნძულა") ,,სრიკა'' ,,კახური ჩამოსმა'',,კახური ბუქნა'' ... - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი.
მსგავსი ექსპედიციები და ძიება ხელს შეუწყობს ქართული ცეკვის განვითარებასა და პოპულარიზაციას".
ექსპედიცია, ძირითადად, გაეცნო და დააფიქსირა გურჯაანის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "გურჯაანის" შემოქმედება - სამხავტრო ხელმძღვანელი, მთავარი ქორეოგრაფი ავთანდილ გურგენიძე, ქორეოგრაფი და დირექტორი პაატა გურგენიძე.
ავთანდილ გურგენიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის კახური ცეკვის მოძიებისა და აღდგენის საქმეში. მაყურებელი მალე იხილავს მამა-შვილ ავთანდილ და პაატა გურგენიძეების მიერ დადგმულ ორ კახურ ცეკვას: ,,ბუქნურს" და ,,კახურ ფერხულს". საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ორივე ცეკვაში მთლიანად კახური ცეკვის საცეკვაო ლექსიკა და მუსიკალური შინაარსია გამოყენებული.
ექსპედიაციამ დააფიქსირა გურჯაანის სოფელ ვაზისუბნის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "სანაგირე" ცეკვა ,,კახური ფერხული",  ხელმძღვანელები: ილია შოშიაშვილი და ელზა პაპოშვილი.
ასევე, დააფიქსირა გურჯაანის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსაბლის "ცერული" კახური ცეკვა, ხელმძღვანელები: თემურ ჯანაშვილი და მედეა თუნიაშვილი.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი, მთავარი რედაქტორი ბაია ასიეშვილი, ოპერატორი ნიკოლოზ გოგაშვილი და მძღოლი მამუკა ნანობაშვილი.

კახური ცეკვის ძიების პროცესი 2013 წელს თელავში დაიწყო და პერიოდულად მოიცავს კახეთის მთელ რეგიონს.