10701985_1532202156995534_4178966323669120493_n

ექსპედიცია ახმეტაში

4-15 აგვისტოს, პროექტით   “აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ტრადიციული მუსიკა”, ჩატარდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალურ-ფოლკლორისტული ექსპედიცია ახმეტის რაიონში (ექსპედიციის ხელმძღვანელი _ ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნატალია ზუმბაძე, წევრები _ არჩილ ბურჭულაძე, ნიკოლოზ ირემაშვილი).
ექსპედიციამ იმუშავა ქალაქ ახმეტასა და ახმეტის რაიონის 18 სოფელში (არაშენდა, აწყური, ახალშენი, ახშანი, დედისფერული, ზემო ალვანი, ზემო ხოდაშენი, კოღოთო, კოჯორი, მატანი, ნადუქნარი, ოჟიო, საკობიანო, ქვემო ალვანი, ქისტაური, შახვეტილა, ჩაბინაანი, ხევისჭალა). მოიძია და დააფიქსირა კახური, ხევსურული, ფშაური და თუშური მუსიკალური ყოფის ამსახველი ნიმუშები: ტრადიციული სასიმღერო და საკრავიერი ჟანრები (აკვნის ნანა, შემღერნება, კაფია, ძროხის მოფერება, ქორბეღელაზე სამღერი მელოდია, დატირება, “დალა”, სიმღერა-ტირილი; შრომის, ამინდის შესაცვლელი, ღვთის კარზე სათქმელი, საშობაო, საქორწილო, სუფრული და სხვ. სიმღერები; საცეკვაო, საჭიდაო და სამგზავრო დასაკრავები).  ჩაწერილ იქნა სხვადასხვა საკრავზე აჟღერებული სასიმღერო ჰანგებიც. დაფიქსირდა, აგრეთვე, ვოკალურ-ინსტრუმენტული ნიმუშები _ საკრავით თანხლებული ტრადიციული და თანამედროვე (მათ შორის, საავტორო) სიმღერები. მუსიკალურ მასალასთან ერთად ექსპედიციამ ჩაიწერა სიტყვიერი ინფორმაციაც და რამდენიმე ინტერვიუც.
დიდი მცდელობის მიუხედავად, საექსპედიციო პერიოდში ვერ მოხერხდა ზოგიერთ მნიშვნელოვან შემსრულებელთან შეხვედრა. ამიტომ რამდენიმე დღით ჩასვლა ახმეტის რაიონში შემოდგომითაც იგეგმება.
თავის მიერ მოპოვებულ მასალებს (დაფიქსირებულს მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიით, “ტასკამით”, ვიდეო და ფოტოკამერებით) ექსპედიცია საჯაროდ სექტემბერში წარმოადგენს.