10527607_1513055422243541_4044363966079248384_n

ექსპედიცია აჭარაში

3-10 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის სამსახურის კოორდინატორი თეონა რუხაძე იმყოფებოდა აჭარაში. ექსპედიციის მიზანი იყო: აჭარელი მეჭიბონეების შესახებ ცნობების შეგროვება და რეპერტუარის დაფიქსირება.
ჭიბონი ქართული ხალხური (აჭარული) უძველესი საკრავია და მას ხანგრძლივი ისტორია აქვს. აჭარული ფოლკლორის მკვლევარს ალექსანდრე მსხალაძეს, გასული საუკუნის 60-იან წლებში, აჭარაში 65 მეჭიბონე აღურიცხავს, რაც ამ საკრავის პოპულარობასა და ფართო დანიშნულება-გამოყენებაზე მეტყველებს. მართალია, დღესდღეობით მეჭიბონეობის ტრადიცია ძველებურად ძლიერი აღარაა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს საკრავი აჭარის ცოცხალ ყოფაში დღესაც გამოიყენება.
თეონა რუხაძემ აჭარის რაიონების (სოფლების) მეჭიბონეთა შთამომავლებისგან ჩაიწერა საინტერესო ცნობები, ოჯახურ არქივებში მოიძია ფოტომასალა, დააფიქსირა აჭარაში დღესდღეობით მოღვაწე მეჭიბონეთა რეპერტუარი.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს: ავთანდილ ბოლქვაძეს, ვასილ ხიმშიაშვილს, შორენა კარანაძეს, ლია მახარაძესა- და იმედა ფარტენაძეს.
ექსპედიციაში მოძიებული აუდიო და დოკუმენტური მასალები ჩაბარდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს.