ორი გამორჩეული სახელი ქართულ სახელოვნებო სივრცეში დიდი ხანია დამკვიდრდა. თავიანთი განსაკუთრებულობისთვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის ისინი მთელმა საქართველომ შეიყვარა - თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს, 19:30 საათზე ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართა და მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე.
ლელა თათარაიძემ - მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა - შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ხალხმა შეიყვარა ლელას გარმონითა და ჩონგურით შესრულებული განსაკუთრებული, მისივე ავტორობით შექმნილი სიმღერები: ,,ჯანღი", ,,შენმა სურვილმა დამლია", ,,გაგნის გორი", ,,ვერცხლის თასადამც მაქცია", ,,ლომო, შე ლომის მოკლულო", ,,მახკვდია", ,,ცხრაჯერ", ,,სამშობლო", ,,მწირულაო ამოვალი’დ", ,,სამცხის სათამაშო, გარმონზე", ,,ზენ ბაცალიგოს", ,,ვერკვლის ციხე", ,,ვაჟაო", ,,შავ-ჯავრო", ,,ჯავრო", ,,ნეტა თქვენ", ,,გშორდები, ფიქრი მატულობს", ,,ინგილო ქალის ნანა", ,,თინიბექის სიკვდილი".
ეთერ თათარაიძემ - ეთერომ - ერი მხოლოდ სახელით რომ მოიხსენიებს, ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა. უარი თქვა პოეზიაში კლიშედ მიღებულ კოინეზე და ,,თათარაიძის პატარა ქალმა'' გადაარჩინა უძველესი და უმდიდრესი კილო ქართული ენისა.
,,კარგად მახსოვს მისი პირველი გამოჩენა - მეხის გავარდნა იყო ქართული სალიტერატურო ენის ცაზე. ეთერ თათარაიძე, პრინციპში, ჩვენი დროის ვაჟა-ფშაველაა - ზუსტად იმავე ენობრივ პოლიტიკას ატარებს და ისევე არ ღალატობს თავის თავს, როგორც არ ღალატობდა ვაჟა. ამის გამო, ეთერსაც ისევე ჰყავს მტრები, როგორც ვაჟას ჰყავდა'' - თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
ყველასთვის საყვარელი მხატვარი თენგიზ (ჩუბჩიკა) მირზაშვილი ეთეროზე ამბობდა: ,,ვაჟას პატრონი ეთერმაც გამაკვირვა ჩვენს დროში... დიდოეთის საზღვართან მიკუნჭულ თითქმის მიწის პირიდან წაშლილ სოფელში, საწყალი მეცხვარის ოჯახში ჩნდება ასეთი... ასეთი თვითნაბადი ნიჭის ადამიანი... მისი ლექსების გაცნობის შემდეგ სულ სხვა ადამიანი გავხდი. როგორც თავიდან დავინახე, ისევე ვხედავ; არც შემნელებია ინტერესი, არც მომმატებია. და ეთერიც ისევე აგრძელებს, როგორც დაიწყო. ძნელი გასარჩევია, დროის მიხედვით რომელი ლექსი რომელს უსწრებს, თუმცა, ვერც იმას იტყვი, რომ ერთ ადგილზე დგას... ეს არის სრულიად ჩამოყალიბებული თვალთახედვის, აზრის, მრწმასის პოეტი. საერთოდ, ეს უნიკალური მოვლენაა, საიდან მოდის, ვინა ჰყავს წინამორბედი - „უძვირფასესი პაპა“ , ვერ ვიტყვი. არავის ჰგავს, არავისგან არაფერს სესხულობს, ლექსის ენაც და სახეც მხოლოდ მისია, მისეულია. იქნებ ამიტომაც, უჭირს ტრადიციულ აზროვნებას მის ლექსში შეღწევა. ეგ ისეთი რა, არის... აი, როგორც... როგორც ფიროსმანი. განა ასევე არ გაუჭირდა ტრადიციულ აზროვნებას მისი აღქმა? ისინი თუნდაც იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ ძალიან კონკრეტული რეალიები აქვთ - ფიროსმანსაც და ეთერსაც''.
* * *
ღმერთსთან სასაობროა
სამზადისში ვარ,
მარცხენაში მიჭერავ
სიტყვის აღის კვარ,
მარჯვენაში დანაგრეხ
ნინოს ვაზის ჯვარ...
შუბლზე მაყრივ სიწმიდის,
სიალალის ცვარ,
ფეხსთან მიძოვს ყბაწითელ,
შუბლატუსულ ცხვარ...
ღმერთსთან სასაუბროა,
სამზადისში ვარ...
ავტორი: ეთერ თათარაიძე
ამ გამორჩეულობისათვის, ერთადერთობისათვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის შეიყვარა დები თათარაიძეები მთელმა საქართველომ.
ეთერ და ლელა თათარაიძეების შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მეუფე ზენონი; ანსამბლები - ,,ბასიანი", „კესანე“, ,,კელაპტარი", ,,ურმული", ,,ლომისი", ,,თაობა"; ხალხური მელექსენი; განსაკუთრებული სტუმრები თურქეთის რესპუბლიკიდან - ,,ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან" და სხვანი. დები თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან: ღირსების ორდენით, ფოლკლორის ეროვნული პრემიით და ბევრი სხვა წოდება, ჯილდო თუ პრემიით.