არაყიშვილი11

დიმიტრი არაყიშვილი

დიმიტრი არაყიშვილი ქართული პროფესიული მუსიკის კლასიკოსი, კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი - ქართული ეთნომუსიკოლოგიური სკოლის ფუძემდებელია. მან პირველმა გაკვალა გზა ქართული სამუსიკო ფოლკლორის მოძიების, შეკრებისა და კვლევის საქმეში. განუზომელია მის მიერ საუკუნის წინ მოპოვებული ფოლკლორული მასალის მნიშვნელობა. დიმიტრი არაყიშვილმა როგორც ეთნომუსიკოლოგმა ქართული სამუსიკო ფოლკლორისტიკის ყველა მიმართულებასაც ჩაუყარა საფუძველი.

ხელოვანის დაბადების დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ამონარიდს ლადო ჯაფარიძის  წიგნიდან მოგონებები, ჩანაწერები ერთ-ერთ ეპიზოდს - შეხვედრები კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილთან:

„დიმიტრი არაყიშვილთან თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა მაკავშირებდა - ჩემი სტუდენტობის დროიდან დაწყებული, ვიდრე კომპოზიტორის გარდაცვალებამდე, ე.ი. 1953 წლის ჩათვლით. ამ ხანგრძლივი დროის მანძილზე იმდენი ღირსსახსოვარი რამ აღნუსხა ჩემმა გონებამ, რომ, ვფიქრობ, ღირდა იმ გარდასულის გახსენება.

...მოსკოვში სწავლისას, ქართული სათვისტომოს - ე. წ. „ზემლიაჩესტვოს“ ერთ-ერთ კრებაზე 1906 წელს პირველად ვნახე დიმიტრი არაყიშვილი.  იგი იმთავითვე ისეთ პიროვნებად წარმომიდგა, ვინც ქართული ეროვნული კულტურის სიყვარულით ანთებულიყო და მისი სამსახურისათვის გადაედო თავი. ყურადღებას იპყრობდა დიმიტრის მიმზიდველი და სანდომიანი სახე, მაყვალივით შავი თვალები და სწორი, საშუალო ზომის ცხვირი; შავი, სქელი და უკან გადავარცხნილი თმა და პატარა წვერ-ულვაში მის ქართველობაზე მეტყველებდა... მე და ჩემი ძმა გრიშა დავუმეგობრდით დიმიტრის, რომელიც, მართალია, ასაკით ჩვენზე უფროსი იყო, მაგრამ თავაზიანობის გამო არაფერს გვაგრძნობინებდა და ისე მეგობრობდა ჩვენთან, როგორც თანატოლებთან...

1908 წლის ზაფხულში დიმიტრი არაყიშვილი რაჭაში ამობრძანდა და თავისი სტუმრობით ყველანი ძალიან გაგვახარა. ონში მას ჩვენი საუკეთესო მომღერლები გავაცანით, მათ შორის ცნობილი სამეულიც: ანტონ ჯანუაშვილი, სამსონ მიქიაშვილი და პეტრე ჯაფარიძე, რომელთა ხმაშეწყობილ სიმღერებს მთელ რაჭაში გაეთქვა სახელი. ისინი გარეგნული სილამაზითა და ვაჟკაცობითაც გამოირჩეოდნენ. კომპოზიტორს ძალიან მოეწონა მათი სიმღერები, ფონოგრაფზეც გადაიღო საგანგებოდ, მაგრამ „ნამდვილი~ რაჭული სიმღერების ჩასაწერად მაინც ადგილობრივი გლეხკაცებისაგან შემდგარი გუნდის მოსმენა მოისურვა, როგორც უფრო უშუალო, შეულამაზებელი და ბუნებრივი. იმ დროს ასეთ მომღერალთა მონახვა ძნელი არ იყო, განსაკუთრებით პარასკეობას, როდესაც ონში ბაზრობაზე რაჭის თითქმის ყოველი კუთხიდან ბევრი სოფლელი იყრიდა თავს. დიმიტრიმ სიმღერების დიდი ნაწილი ონში პარასკეობას მოსული გლეხებისაგან ჩაიწერა, მაგრამ ახლო სოფლების მოვლა და მათი ადგილზე მოსმენა მაინც აუცილებლად მიიჩნია; წავედით კიდეც და უნდა გენახათ, როგორი თავდადებით მუშაობდა ყველგან! საქმის შესრულებას ის გვიადვილებდა, რომ ყველამ კარგად იცოდა, რომელ სოფელში ვინ მღეროდა უკეთ და ჩვენც ამ საუკეთესოებს ვსტუმრობდით. ჩვენი გლეხები სიამოვნებით მოდიოდნენ, განსაკუთრებით კი იმის შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მათ სიმღერებს ,,ყუთში იწერენ და ინახავენ“. ისინი თავისი ცნობისმოყვარეობითა და გულუბრყვილობით ხშირად აცინებდნენ დიმიტრის. მახსოვს, ერთხელ თავიანთი სიმღერა ფონოგრაფზე მოისმინეს და ერთმანეთს პირდაღებულნი ეკითხებოდნენ: ნუთუ ამ სიმღერას მართლა ჩვენ ვასრულებდითო?.. ყურებს არ უჯერებდნენ, რომ ეს მათი ნიჭის გამონაშუქი იყო, მათი სულის ხმა, სევდა, ტკივილი. ისინი თვალს არ აშორებდნენ ფონოგრაფის ლილვაკის ბრუნვას, საიდანაც მათი ხმები მოისმოდა.

რაჭაში ყოფნის დროს დიმიტრის ძირითადად მამაჩემი - მალაქია ჯაფარიძე ეხმარებოდა. ამის შემდგომ მამაჩემმა მადლობის წერილი მიიღო მოსკოვის ეთნოგრაფიული საზოგადოებისაგან, სადაც აღნიშნული იყო ის წვლილი, რაც მამამ მიაგო იმ საზოგადოების წევრს დიმიტრი არაყიშვილს - „მისი რაჭაში მოგზაურობის დროს ხალხური სიმღერების შეკრებისას კეთილი და უანგარო დახმარებისათვის“. დიმიტრი არაყიშვილმა რაჭაში ორმოციოდე სიმღერა ჩაიწერა შესაბამის ტექსტებთან ერთად.

დიმიტრი არაყიშვილის გაცნობის პირველ წლებში მე და გრიშამ ერთად დავხატეთ მისი პორტრეტი, რომელიც ბუნებრივ ზომაზე ცოტა მეტი იყო. იგი შევასრულეთ თეთრ ქაღალდზე ნახშირით. ამ პორტრეტზე დიმიტრი ოდნავ გვერდზეა მიბრუნებული და ძალიან შვენის წვერ-ულვაში, ახალგაზრდული იერი და უკან გადავარცხნილი გრუზა თმა. თავზე ფეტრის ფართოფარფლებიანი ქუდი ახურავს, ხოლო მხრებს ლამაზად მოგდებული პლედი უმშვენებს...“

ძმების - ლადო და გრიშა ჯაფარიძეების მიერ მოსკოვში დახატულ დიმიტრი არაყიშვილის პორტრეტი

არაყიშვილი

 

 

ნანა ვალიშვილი - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი