ღონისძიება მოიცავს დავით ჯავრიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ გამოფენას - „მხატვრული ტანვარჯიშიდან ქორეოგრაფიულ ხელოვნებამდე“; ნაჩვენები იქნება 1934 წლის სვანეთის ექსპედიციის დროს გადაღებული კინოფილმი - ,,აცეკვებული სვანეთი“; გაიმართება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მომზადებული წიგნის - დავით ჯავრიშვილის სამეცნიერო შრომების კრებულის - ,,ქართული ხალხური ცეკვის“ პრეზენტაცია. წიგნი მოცულობითია - მასში დავით ჯავრიშვილის გამოქვეყნებულ შრომებთან ერთად პირველად იბეჭდება ,,ქართველ ქალთა ცეკვები“ (რვა ცეკვა), კინოფირიდან გაშიფრული თოთხმეტი სვანური ფერხული, ხელოვნების სასახლის არქივში დაცული 20-მდე უცნობი ცეკვის ნახაზი და 25-მდე პირადი წერილი. ეს პოლიჟანრული წიგნი ბოლოვდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტთა მიერ შედგენილი 500-სიტყვიანი ლექსიკონით.
დავით ჯავრიშვილი ქართული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი, ქორეოლოგი და ქართეული ცეკვის გამორჩეული მკვლევარი და პედაგოგ-ქორეოგრაფი იყო. მის სახელს უკავშირდება ქართული კლასიკური ქორეოგრაფიის განვითარება და 80-მდე ქართული ხალხური ცეკვის დადგმა.
1935 წელს ლონდონის საერთაშორისო ფესტივალზე დავით ჯავრიშვილი ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამას 1951 წლის ბერლინის საერთაშორისო და 1955 წლის ვარშავის ახალგაზრდობისა და სტუდენტთაV მსოფლიო ფესტივალები მოჰყვა.
დავით ჯავრიშვილმა საქართველოს ფარგლებს გარეთ - მოსკოვის, პეტერბურგის, ხარკოვისა და ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში წარმოდგენილ ქართულ ოპერებში პირველად ქართული ცეკვები დადგა.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი დავით ჯავრიშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს წლის განმავლობაში გამართავს.
ღონისძიება გაიმართება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფოლკლორის ბაღში.
დასაწყისი 19:00 საათზე
მისამართი: დავით აღმაშენებლის 68