afisha-tristan-sixaruliZe

გურული სიმღერის დიდოსტატი ტრისტან სიხარულიძე - 80

10 თებერვალს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ტრისტან სიხარულიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და კონცერტი. ტრისტან სიხარულიძე - ტრადიციული მომღერალი გვარისა და ოჯახის წარმომადგენელი, ცნობილი ლოტბარის, მომღერალ-მოკრიმანჭულის, ილარიონ სიხარულიძის ვაჟი. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე ქართული ხალხური (გურული) სიმღერის გამორჩეული შემსრულებელი, შეუდარებელი იმპროვიზატორი - ტრიოში მღერის დიდოსტატი; ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი 1965-66 წლებში; დაარსების დღიდან მიხეილ შავიშვილის ,,შვიდკაცას" წევრი და წამყვანი მეორე ხმა; ოზურგეთის ბიჭუნათა ანსამბლ ,,კრიმანჭულის" ლოტბარი; მიხეილ შავიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1999) ორივე ანსამბლის ხელმძღვანელი; ტრიო ,,შალვა ჩემოსთან" (ტრისტან სიხარულიძე, გური სიხარულიძე, მერაბ კალანდაძე) ერთად ფოლკლორის ეროვნული პრემიის პირველი ლაურეატი (2008); ღირსების ორდენის კავალერი. ტრისტან სიხარულიძემ მოიძია და აღადგინა გურული სიმღერები და მისი ვარიანტები, ხელმძღვანელობდა სასოფლო, სასკოლო და საკოლმეურნეო გუნდებს, ოზურგეთში იუნესკოს ეგიდით შექმნილ გურული სიმღერა-გალობისა და კრიმანჭულის შემსწავლელ სკოლას. მრავალი ადგილობრივი, საკავშირო და საერთაშორისო დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი და დიპლომანტი. ,,შვიდკაცასთან" ერთად კონცერტები გაუმართავს მსოფლიოს ოცდაორ ქვეყანაში.
გამოჩენილი მომღერალი ამჟამად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის კონსულტანტია. ფონდმა ,,ქართულმა გალობამ" ღვაწლმოსილი ლოტბარი 2013 წელს ,,ქართული ფოლკლორის მოამაგის" ტიტულითა და სპეციალური პრემიით დააჯილდოვა. გამოსცა ანზორ ერქომაიშვილის მონოგრაფია ,,გური და ტრისტან სიხარულიძეები". საღამოს ორგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფონდი ,,ქართული გალობა", საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. კონცერტში მონაწილეობენ: სიხარულიძეების საოჯახო ანსამბლი, ,,შვიდკაცა" (ოზურგეთი), ,,რუსთავი", ,,ერისიონი", ,,ბასიანი", ,,შილდა".
დასაწყისი 19:00 საათზე