10491177_246589082131948_4649319869823790348_n

გიორგი სალუქვაძე - 100

30 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მრავალმხრივი მოღვაწისა და დიდებული მამულიშვილის, გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის, მკვლევრის, ინჟინერ-გამომგონებლისა და კონსტრუქტორის გიორგი სალუქვაძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია.
ავტორები: რეზო ჭანიშვილი და ოლეგ ალავიძე.
დიდია გიორგი სალუქვაძის დამსახურება ქართული ხალხური ქორეოგრაფიის წინაშე. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ცეკვის სასცენო-საჩვენებლად ჩამოყალიბებაში. გიორგი სალუქვაძის დადგმული ცეკვები ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიდგას ცეკვა, მისი გენეტიკის, წარმომავლობისა და მასაზრდოებელი ფესვების დაუზიანებლად. იგი უამრავი ცეკვის ავტორია, რომელთაგან ზოგიერთი უკვე კლასიკადაა ქცეული („კალმახობა“, ფარცა-კუკუ“). წიგნში მოხმობილი ფაქტობრივი, დოკუმენტური და ფოტომასალა ნათლად წარმოაჩენს ამ დიდი ქორეოგრაფის განვლილ შემოქმედებით გზას.
წიგნი გამოიცა ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელშეწყობით.
რედაქტორი - უჩა დვალიშვილი
რეცენზენდები: ფრიდონ სულაბერიძე და ომარ მხეიძე
გამოცემა ეძღვნება გიორგი სალუქვაძის 100 წლისთავს.
დასაწყისი 18:00 საათზე